განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მაღალმთიანი რეგიონებისა და მცირეკონტიგენტიანი სკოლების საჭიროებების შესწავლა მესტიაში ვიზიტით დაიწყო

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის “სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში” ჯგუფმა, მაღალმთიანი რეგიონებისა და მცირეკონტიგენტიანი სკოლების საჭიროებების შესწავლა მესტიიდან დაიწყო.

პარლამენტის ინფორმაციით, მოკვლევის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფმა პირველი ზეპირი მოსმენა მესტიის მუნიციპალიტეტში გამართა. ზეპირ მოსმენაში ის პირები მონაწილეობდნენ, რომლებმაც მოკვლევის ჯგუფს წერილობითი მოსაზრებები გაუზიარეს. მათ კომიტეტის წევრებს თავიანთი პრობლემები გააცნეს და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლებიც ადგილობრივ სკოლებს გააჩნიათ, ასევე განიხილეს სახელმწიფოს მხრიდან ამ პრობლემების მოსაგვარებლად გადასადგმელი ნაბიჯები.

ვიზიტის ფარგლებში, მოკვლევის ჯგუფის წევრები მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე სკოლის მოსწავლეთა მშობლებსაც შეხვდნენ და მათგან მოისმინეს მოსაზრებები მოსწავლეთა საჭიროებებზე.

“მესტიაში შევხვდით მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს, სამეურვეო საბჭოების წარმომადგენლებსა და მშობლებს. დეტალურად მოვისმინეთ მათგან ის პრობლემები, რაც სასკოლო განათლებაში არსებობს და რომელიც სახელმძღვანელოებს, მასწავლებლებს, ინფრასტრუქტურას ეხება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილზე გავეცნოთ ყველა ამ პრობლემას, ავსახოთ მოკვლევაში და შემდგომ მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება”, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა. მესტიაში ვიზიტის ფარგლებში, თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები განათლების მიმართულებით მომუშავე სამთავრობო უწყებებს – მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მუნიციპალიტეტში შემავალი სკოლების საჭიროებებზე იმსჯელეს.

„სასკოლო რესურსების თემატური მოკვლევის ფარგლებში გამართული მოსმენები აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომელიც წამოიჭრა ამ პროექტის ფარგლებში. ადგილზე ნანახი პრობლემების მოგვარების მიზნით, ექსპერტებთან ერთად შემუშავდება კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც შესაბამის უწყებებს დაეგზავნება იმისათვის, რომ მოხდეს ამ რეკომენდაციებზე და შენიშვნებზე რეაგირება”, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და აღნიშნული თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თამარ ტალიაშვილმა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის შეფასებით, მოკვლევის შედეგები სამომავლო რეფორმებისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს წარმოაჩენს. „ძალიან საინტერესო და საქმიანი შეხვედრები იყო. მომეწონა ის, რომ აქტიურობდა ყველა: მშობლებიც, დირექტორებიც, თვითმმართველობის წარმომადგენლებიც, მასწავლებლებიც. დარწმუნებული ვარ, რომ როცა განათლების კომიტეტი მთელ საქართველოს მოივლის და აიკინძება ყველაფერი, დავინახავთ, თუ რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ სამომავლო რეფორმების თვალსაზრისით”,- აღნიშნა სოზარ სუბარმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი, და პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე. გასვლითი სამუშაო ვიზიტი მხარდაჭერილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები