„კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხისადმი“ – ნიკოლოზ სამხარაძე ოლექსანდრ მერეჟკოს შეხვდა

ბრატისლავაში მიმდინარე გლობსეკის ფორუმის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ოლექსანდრ მერეჟკოს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიაზე. ოლექსანდრ მერეჟკომ ქართველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის მხრიდან თავდაცვითი ომის წარმოებაზე.

კოლეგებმა განიხილეს საპარლამენტო ასამბლეებზე ერთობლივი ფრონტით გამოსვლის და თანამშრომლობის აუცილებლობა.

„გლობსეკის ფარგლებში შევხვდი ჩემ კარგ მეგობარს და კოლეგას, ოლექსანდრ მერეჟკოს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხისადმი და ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მათი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ როგორც პრობლემური თემების აღმოსაფხვრელად, ასევე საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების შესასრულებლად“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები