დონბასში ყოველდღიურად 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება და 500-მდე იჭრება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრატისლავაში უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე GLOBSEC განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას დღეს ხარკოვის მიმართულებით ძლიერი წინგადადგმული ნაბიჯები აქვს, თუმცა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება ძალიან მძიმეა.
„ქვეყნის აღმოსავლეთში ყოველდღიურად 100-მდე ადამიანი იღუპება და დაახლოებით რამდენიმე ასეული – 450-500 ადამიანი იჭრება. ეს ხდება ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთში. მიმდინარეობს ბრძოლა, ბრძოლა ღირებულებებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ სჯერათ გამარჯვების. მისი თქმით, რუსეთთან ომის მოსაგებად საჭიროა ყველა ქვეყნის დახმარება.