საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ფორუმი, რომელსაც სლოვაკეთის დედაქალაქი 2-4 ივნისს მასპინძლობს, GLOBSEC-ის პრეზიდენტმა, რობერტ ვასმა გახსნა.
გახსნის ღონისძიების მონაწილე მაღალი რანგის სტუმრებს სიტყვით მიმართეს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა – ზუზანა ჩაპუტოვამ, უკრაინის პრეზიდენტმა – ვოლოდიმერ ზელენსკიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა – ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
GLOBSEC-ის 2022 წლის რიგით მე-17 ფორუმის მთავარი თემაა მსოფლიოში უსაფრთხოებისა და ქვეყნების მდგრადობის განმტკიცების გზებზე მსჯელობა, უკრაინის მხარდასაჭერად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ევროპული სამეზობლოს გაძლიერება, ასევე, დასავლეთის რესურსების მობილიზაცია ქვეყნების მდგრადობის განსამტკიცებლად.
ფორუმის გახსნას სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი – ედუარდ ჰეგერი და ფორუმში მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელები, სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები დაესწრნენ. GLOBSEC 2022 დელეგატებს 67 ქვეყნიდან მასპინძლობს, მათ შორის, 10 პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი, ასევე, იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.