შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღე აღნიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღე აღნიშნა, საზეიმო ღონისძიებას, რომელიც თბილისში, სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის წინ გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაესწრნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საზეიმო მსვლელობის შემდეგ, მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ სიტყვით მიმართა.

“ცოტა ხნის წინ, ჩვენ, ყველამ აღვნიშნეთ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღე. დღეს, 26 მაისიდან რამდენიმე დღეში, ქართული პოლიციის და პოლიციელთა პროფესიულ დღეს აღვნიშნავთ. დღევანდელი დღე არის სიმბოლური ხაზგასმა, რომ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა სწორედ იდგა და დგას თითოეული თქვენგანის თავგანწირულ შრომაზე. საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა – პოლიციელის პროფესიული ვალია, თუმცა, გვაქვს შემთხვევები, როდესაც პოლიციელის პროფესიული მოვალეობის შესრულებას ჩვენი კოლეგების სიცოცხლე ეწირება.

ყველამ ერთად პატივი მივაგოთ საქართველოს ერთიანობისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ქართველი პოლიციელების ხსოვნას. მთელი ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა მშვიდობისა და დამოუკიდებლობისთვის. უახლეს ისტორიაში, ამ ბრძოლის წინა ხაზზე კი ყოველთვის დგას ჩვენი პოლიცია,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის შემდეგ, პოლიციელებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვამაყობთ ქართული პოლიციით. გვეიმედება შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული თითოეული ადამიანი.
კიდევ ერთხელ მადლობა სამსახურისთვის! ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ შევძელით პოლიციის ტრანსფორმაცია. ქართული პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული, პოლიცია თანაბრად იცავს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქეს.
აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი, შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ხშირად იმეორებენ. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს შეგუებული და არავითარი კომპრომისი ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ასეთი არცერთი ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. პოლიციელი უნდა იყოს ხელშეუხებელი. რა თქმა უნდა, არ მაქვს საუბარი ცალკეულ გადაცდომებზე, რომელზეც სამინისტრო შესაბამისად რეაგირებს, მაგრამ მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ თქვენს საამაყო საქმიანობას, თქვენს პროფესიას, ამიტომ თითოეული ასეთი ქმედება იქნება დასჯილი და ჩვენ არცერთ კომპრომისს არ დავუშვებთ. ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, მეგობრებო, ჩვენი ხალხის, მთავრობის და პირადად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას სამშობლოს ერთგული, თავდადებული მსახურებისთვის, თქვენი პროფესიონალიზმისა და გმირობისთვის. მადლობას ვუხდი თქვენს მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს, ოჯახის წევრებს, ვისი თანადგომითაც თქვენთვის ასე ძვირფასია თქვენი საქმიანობა. გილოცავთ პოლიციელის დღეს,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც.

„მინდა ყველას მოგილოცოთ პირადად თქვენი პროფესიის დღე, თქვენი პროფესიონალიზმის დღე. 31 წლის განმავლობაში ქართულმა პოლიციამ შეძლო და გარდაქმნა ის საბჭოთა ძველი ინსტიტუტი, რომელიც აღარ არსებობს. დღეს არსებობს თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყნის თანამედროვე პოლიციური ძალა, პროფესიონალური ძალა, რომელიც მოქალაქეებისგან ნდობას იწვევს. თქვენი პროფესიონალიზმი უკვე აღიარებულია ყველა ჩვენი პარტნიორის მიერ. თქვენი თანამშრომლობა ევროპოლთან არის ამის ერთ-ერთი მაგალითი. ჩვენი პოლიციის ატაშეები სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ, იქ რომ წარმოადგინონ ჩვენი პოლიციის პროფესიონალიზმი. მინდა ამისთვისაც მადლობა მოგახსენოთ,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა წარმატებული პოლიციელები სამინისტროს სხვადასხვა სახის მედლებით დააჯილდოვა. პოლიციელთა დაჯილდოების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსანტებმა პოლიციელის ფიცი დადეს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს, მომღერალმა ოთო ნემსაძემ და ანსამბლმა „ქართულმა ხმებმა“ შეასრულეს სპეციალურად “პოლიციელის დღე 2022”-ისთვის დაწერილი სიმღერა – „ვემსახურები საქართველოს!“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები