გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. არარეგისტრირებული, უმეტესად ლენტური ტიპის სახერხი საამქროები მოქალაქეებს, იმერეთში, აჭარაში, შიდა ქართლში, კახეთსა და სამეგრელოში, საკარმიდამო ეზოებში ან სპეციალურად მოწყობილ შენობებში ჰქონდათ განთავსებული, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

3 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში. სოფლებში – დობერაზენსა და ინჩხურში, მოქალაქეებს, ლენტური ტიპის დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროების ტერიტორიებზე, განთავსებული ჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის 11 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი), წაბლის სახეობის 4 ერთეული მორი და 0,8 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

სოფელ ნოხაში კი, მოქალაქეს, ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი, საკარმიდამო ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული. თითო-თითო სამართალდარღვევაა გამოვლენილი კახეთის, აღმოსავლეთის, დასავლეთისა და აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ახმეტის, ხელვაჩაურისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში. ასევე – ქალაქ ქუთაისში, სადაც სამართალდამრღვევს, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული 0.7 კუბური მეტრი მოცულობის წიწვოვანი სახეობის ფიცარიც ჰქონდა განთავსებული.
1 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმაც. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ სასადილოში, მოქალაქეს ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე 3 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 1 კუბური მეტრი მოცულობის „ნაგვერდულიც“ ჰქონდა განთავსებული. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები