ნიკო კვარაცხელიას დედა: ძალიან რთული დღე გვაქვს, დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები
ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა ძმები კაკულიების დაკავებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
„მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად!”ძალიან რთული დღე გვაქვს, ემოციურად ურთულესი, დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები (ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილია მკვლელი ჭელიძის და მკვლელი კაველაძის აღიარებიდან). ძმებმა კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი და გასროლით ამცნეს ქალაქის შუაგულს, აქ ვართ, არსად წავსულვართ, დაიჩოქეთო. არა, შვილებო, არა! ვერ დაგიჩოქებთ და თქვენ ნამდვილად მოგიწევთ დაჩოქება უფლის წინაშე. ვიმედოვნებ, ეყოფა შესაბამის ორგანოებს გონი და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას კი არა, ნიკოს ამბავს მოჰკითხავენ საფუძვლიანად, თქვენ კი, შიშს დამონებულო კემბრიჯ – ვებსტერელო ახალგაზრდებო, ნუღარ შეგეშინდებათ და მოყევით, რას გაიძულებდნენ ძმები, რას განიხილავდით ხუთდღიანი სტუმრობისას ერევანში! სანამ ძმებს გაუღიათ პირი, ითანამშრომლეთ პროკურატურასთან, თქვენი ყურში ჩურჩული არავის სჭირდება და მოყევით თამამად ან თუნდაც დედების თანდასწრებით!!!”, – წერს ნიკო კვარაცხელიას დედა.
ცნობისთვის, ძმები კაკულიები გუშინ, გვიან ღამით ორთაჭალაში, ნაქირავებ ბინაში არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის გამო
დააკავეს.
შეგახსენებთ, 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების განაჩენი მოსამართლემ 15 აპრილს გამოიტანა და აკო ჭელიძეს 17, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით პატიმრობა შეეფარდათ. არაოფიციალური მონაცემებით, ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთებად სახელდებოდნენ, თუმცა, ოფიციალურად ეს ვერსია არ დადასტურებულა.