ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება. შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო 6 ტრანსფორმატორზე და არსებობდა მისი კიდევ უფრო დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, გავრცელებული ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება სწრაფად მოხერხდა.
ამ დროისთვის, ადგილზე სიტუაცია უკვე სრულად ექვემდებარება კონტროლს. ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძრის ნიშნები აღარ შეინიშნება.
შემთხვევის შედეგად, დაშავებული არავინ არის.
ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 20 ჯგუფი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.