გიორგი გახარია: ნიკა გვარამიას პოლიტიკურ ან არაპოლიტიკურ პატიმრად ვერ აღვიქვამ
ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრად ან არაპოლიტიკურ პატიმრად ვერ აღვიქვამ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გვარამიას დაკავების მომენტი განზრახ იყო შერჩეული, თუმცა, ამის უკან, მართლმსაჯულება სუფთა სახით არ დგას.
„ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრად ან არაპოლიტიკურ პატიმრად ვერ აღვიქვამ, არ ვიცი, მაგრამ მისი დაკავების მომენტი განზრახ იყო შერჩეული. ამის უკან, რა თქმა უნდა, სუფთა სახით მართლმსაჯულება არ დგას, რამდენიმე მიზეზის გამო. ეს საქმე 3 წელიწადი გრძელდება და არანაირი სხვაობა, მაშინაც კი, თუ ის დამნაშავეა, 2 თვით ადრე დააკავებდნენ თუ 2 თვის შემდეგ, არანაირი მნიშვნელობა ამას მართლმსაჯულებისთვის არ ჰქონდა.
როგორ იყო მომენტი შერჩეული, როდის უნდა ყოფილიყო გვარამია დაკავებული, ეს უკვე ბევრად უფრო მძიმე საკითხებზე მეტყველებს, ვიდრე გვარამიას პოლიტპატიმრობაა.
ეს იყო პირდაპირ მესიჯი. ჩემთვის მესიჯი იყო, რომ „ჩვენ ასეთები ვართ და არ შევიცვლებით“. ამიტომ გვიწევს ევროპაში სირბილი, დავარწმუნოთ, რომ ასეთი ქართველი ხალხი კი არ არის, არამედ დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა არის ევროპული ფასეულობები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.