ანრი ოხანაშვილი – ოპოზიციის ნაწილს: თქვენ ჯერ ბოდიში უნდა მოუხადოთ იუსტიციის მინისტრს და შემდეგ უკვე მადლობა გაქვთ გადასახდელი

????????????????????????????????????

„ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის სახე, რომ დაკარგული იყო დიდი ხანია, ეს ჩვენ და მთელმა საზოგადოებამ ვიცით და ახლა უკვე წონასწორობაც დაკარგეთ. ასე რომ ბოლომდე მოითმინეთ და მოისმინეთ პასუხები, რომლებიც გასაგებია, რომ არ გსიამოვნებთ იმიტომ, რომ აქ არის ფაქტები და აქ არის სიმართლე, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მიმართ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის ფორმატში, იუსტიციის მინისტრს მოუსმინეს.

„მე მოგიწოდებთ რადიკალური ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მინისტრის შეურაცხყოფას ცდილობდით. მხოლოდ ცდილობდით იმიტომ, რომ რატი ბრეგაძის შეურაცხყოფა ვერ გამოგივათ, ბოდიში მოიხადეთ მის წინაშე იმ ბინძური კამპანიისთვის, რომელსაც თქვენი პარტიული ტელევიზიებით აწარმოებდით. ამიტომ ჯერ დაიწყეთ ბოდიშის მოხდით და შემდეგ უკვე მადლობა გაქვთ გადასახდელი. მადლობა გაქვთ გადასახდელი იუსტიციის სამინისტროსთვის როგორც წინა, ასევე ამჟამინდელი ხელმძღვანელობისთვის იმიტომ, რომ ეს არიან ის ხალხი, რომლებმაც სახელმწიფოთაშორის დავაზე ოკუპანტს საერთაშორისო ტრიბუნალი მოუგო. თქვენ ამისი ხსენება არ გინდათ! თქვენს ვიწრო პარტიულ ინტერესში იმდენად ხართ ჩაკეტილნი და იმდენად ვერ აცნობიერებთ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ამას, ბატონი გოცირიძე იყო ამას წინათ და როდესაც ვუთხარით თარიღი ამ მნიშვნელოვანი მოვლენის, ვერც კი გაიხსენა რა თარიღი იყო.

თქვენ ბედავთ მართლაც პოლიტიკურად ძალიან ბევრს და მოიხსენიებთ სტრასბურგის საქმეებს და ადამიანის უფლებების დაცვას. თქვენ 8 მილიონ ლარზე მეტი გადაახდევინეთ სახელმწიფოს იმისთვის, რომ თქვენ უხეშად არღვევდით ადამიანის უფლებებს. ამიტომ თქვენ პასუხისმგებლობა გეკისრებათ სიცოცხლის ხელყოფის 10 საქმეზე, ადამიანების წამების 30 საქმეზე, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის დადასტურებული, თქვენ პასუხისმგებლობა გეკისრებათ თავისუფლების და უსაფრთხოების ხელყოფის 15 საქმეზე, თქვენ პასუხისმგებლობა გეკისრებათ საქმის სამართლიანი განხილვის უფლების 36 საქმეზე, თქვენ პასუხისმგებლობა გეკისრებათ პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის ხელყოფის 7 საქმეზე და თქვენ პასუხისმგებლობა გეკისრებათ საკუთრების ხელყოფის 7 საქმეზე. ჯერ ეს პასუხისმგებლობები გაიაზრეთ ძალიან კარგად და შემდგომ გამოდით და ამ ტონალობაში ისაუბრეთ“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ გამოტანილი საქმე შეახსენა და ქართველი მოსამართლეების მიმართ წარმოებულ კამპანიის მცდელობებზეც ისაუბრა.

„ასე გამალებით რომ ეწევით სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობას, თქვენ როგორც კი მიხვდით, რომ მოსამართლე კანონის ფარგლებში დადგა და ინდივიდუალურად მიიღო გადაწყვეტილება, მაშინვე დაიწყეთ და ააგორეთ კამპანია რომ როგორღაც სასამართლოს დისკრედიტაცია მოგეხდინათ. ამასაც ვერ გააკეთებთ, მხოლოდ მცდელობასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ერთია თქვენი მცდელობა და მეორეა ფაქტები. თქვენი გუნდის წევრებს როგორც კი შეეხო საქმე და ინდივიდუალურად, პირდაპირი მტკიცებულებები როდესაც არსებობდა და ამის საფუძველზე მოხდა გადაწყვეტილებების გამოტანა, ეს ვერ აპატიეთ ინდივიდუალურ მოსამართლეს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები