ბექა ოდიშარია: მეგობრობის ჯგუფები იქნებიან ეკონომიკური აქტივობების ერთგვარი ლიდერები, რომელიც ახლო მომავალში ჩაინიშნება საქართველო-თურქეთის ურთიერთობების დღის წესრიგში
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია თურქ კოლეგებს, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ჰალილ ეთიემეზის და მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრა თურქეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თურქეთის ელჩის, ფატმა ჯერენ იაზგანის ინიციატივითა და თურქეთის საელჩოს მიწვევით გაიმართა.
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობა, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში. ბექა ოდიშარიამ ხაზი გაუსვა თურქეთ-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრების ვიზიტის მნიშვნელობას.
„სამი დღის განმავლობაში ვმასპინძლობდით ჩვენს კოლეგებს თურქეთის ნაციონალური ასამბლეიდან, მათ შორის, თურქეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს და მის ოთხ კოლეგას. ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ისინი გვესტუმრნენ თურქეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 30 წლის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად,
მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი კოლეგები დაესწრნენ ყველა იმ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც დაკავშირებული იყო დამოუკიდებლობის დღესთან. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და მეგობრობის ჯგუფის წევრებს. აღინიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით, ახლახანს საქართველოში იმყოფებოდა თურქეთის ნაციონალური ასამბლეის პრეზიდენტი“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრისას, ასევე, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები. მიესალმნენ ბოლო პერიოდში საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების გააქტიურებას.
„შევთანხმდით, რომ ურთიერთობების ეს დინამიკა და ხარისხი იქნება შენარჩუნებული. ძალიან მალე დავგეგმავთ ორმხრივ ბიზნეს-ფორუმს. არსებობს ბევრი შესაძლებლობა როგორც ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების, ასევე აგრარული სექტორის მიმართულებით. მეგობრობის ჯგუფები იქნებიან ეკონომიკური აქტივობების ერთგვარი ლიდერები, რომელიც იქნება სიახლე და ახლო მომავალში ჩაინიშნება საქართველო-თურქეთის ურთიერთობების დღის წესრიგში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.