სოზარ სუბარი: განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს სწორედ ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ქვეყანას, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
„ერთი მილიარდი დოლარი შედის ყოველ დღე რუსეთის ბიუჯეტში იმ ვაჭრობიდან, რასაც ის მსოფლიოსთან ვაჭრობს და ამაში ძალიან დიდი წვლილი სწორედ ევროპის ქვეყნებზე მოდის. სწორედ იმ ქვეყნებზე, რომლებიც არიან სანქციების სათავეში. საქართველოს წილი კი არის 0.25%. ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მხოლოდ იმპორტზე ვილაპარაკებთ. არ არსებობს არცერთი სანქცია, რომელსაც დავაწესებთ და ამით საქართველო არ დაზარალდება. ამის გაგება რატომღაც არ უნდა ჩვენს ოპოზიციას, ან პირიქით, უნდათ, ძალიან კარგად ესმით, მაგრამ სწორედ ის უნდათ, რომ საქართველო დაზიანდეს, ქართველ ხალხს შეექმნას პრობლემა, რომ შემდეგ ეს უკმაყოფილება იქნებ გადაზარდონ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებში, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ან კიდევ უფრო მეტი, იქნებ როგორმე მოახერხონ საქართველოს ომში ჩათრევა”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერმინისტრი წარდგა. სოზარ სუბარის განცხადებით, რეგიონში მძიმე პოლიტიკური სიტუაციაა და ასეთ დროს საქართველოს დიდი სიფრთხილე მართებს.
„ეს არ არის მხოლოდ ორ ქვეყანას შორის ომი, ეს არ არის მხოლოდ რუსეთის აგრესია უკრაინაში. დღეს, მსოფლიო დგას გამოწვევების წინაშე. შეირყა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა. სად ვიქნებით ერთი, ორი ან სამი თვის მერე, არავინ არ იცის. ასეთ დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს სწორედ ისეთ პატარა, მცირერიცხოვან ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ისეთ რეგიონში, სადაც ჩვენ ვართ.
ქვეყანას, რომლის ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული”, – განაცხადა სოზარ სუბარმა. დეპუტატმა გამოსვლის ბოლოს მადლობა გადაუხადა პრემიერმინისტრს საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე გაწეული სამსახურისთვის.