მამუკა მდინარაძე: უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ტრიოში, ყველა პარამეტრით, ლიდერები ვართ; შესაბამისად, კონკრეტული რაციონალური გარემოებები გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, ამას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას
,,26 მაისი არის ერთიანობის და, ამავდროულად, გმირობის მაგალითების დღე. საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ და ვუსურვებ ამ ქვეყანას წარმატებას. ეს არის დღე, როდესაც განსაკუთრებულად ვფიქრობთ ევროპაზე”, – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ყოფნისას.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს ჰყავდა ისეთი დემოკრატიული ხელისუფლება, რომ მათ მიერ დაწერილი კონსტიტუცია დღესაც პასუხობს ევროპულ ღირებულებებს.
,,ჩვენ გვყავდა დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც შეეძლო, დაეწერა ისეთი კონსტიტუცია, რომელიც დღესაც აბსოლუტურად თავსებადია ყველა ევროპულ კრიტერიუმთან. ქალების უფლებები მაშინაც კი მაღალი გარანტიით გვქონდა დაცული და ახლაც, ბევრი კრიტერიუმით წინ ვართ ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუს უკვე ფლობენ. ასე რომ, ჩვენი იმედები შემთხვევითი არ არის. ჩვენი იმედები ოპტიმისტურია. მაგალითად, ჩვენ ბალკანეთის ქვეყნებზე წინ ვართ ყველა კრიტერიუმით. ტრიოს ფარგლებშიც, დღეს შეიძლება ცოტა უხერხული იყოს, და აქვე, კიდევ ერთხელ, სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და უკრაინელ ხალხს. მაგრამ, ფაქტია, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ტრიოში ჩვენ ლიდერები ვართ, ყველა პარამეტრით. შესაბამისად, არა მხოლოდ ზოგადი ოპტიმისტი, არამედ კონკრეტული რაციონალური გარემოებები გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები და ამაზეა ჩვენი იმედები დამყარებული და ამას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას,’’ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.