ალუდა ღუდუშაური: ის, რომ მოსამართლე გადაწყვეტილების გამო უნდა იქნას დასჯილი, დისკრიმინაციის მკაფიო მინიშნების მატარებელია
“ფაქტების კონსტატირება თუ შანტაჟად აღიქმება, ეს არის ოპოზიციის კიდევ ერთი მრუდე აზროვნების ნაყოფი”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ოპოზიციის განცხადებებს, რომ ნიკა გვარამიას საქმის განმხილველ მოსამართლესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადება აშშ-ის ელჩის და საელჩოს შანტაჟია.
მისივე თქმით, ამა თუ იმ გადაწყვეტილების გამო კონკრეტული საქმის განმხილველი მოსამართლის დისკრიმინაციის ქვეშ მოქცევა, არადემოკრატიულია.
„ფაქტების კონსტატირება თუ შანტაჟად აღიქმება, ეს არის ოპოზიციის კიდევ ერთი მრუდე აზროვნების ნაყოფი. ის, რომ კონკრეტული მოსამართლე კონკრეტული გადაწყვეტილების გამო უნდა იქნას დასჯილი, ეს არის დისკრიმინაციის მკაფიო მინიშნების მატარებელი. ოპოზიცია არის სრულ აგონიაში, ქვეყნის ინსტიტუციებზე ორკესტრირებული შტურმი არის ამ ქვეყნის დემოკრატიაზე შტურმი და ეს არის ამ ქვეყნის მტრობა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ პირს აქვს შესაძლებლობა, შეაფასოს გნებავთ კრიტიკულად და თავის აზრი დააფიქსიროს მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ის, რომ კონკრეტული მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არა სამართლებრივი შეფასებით, არამედ პოლიტიკური შეფასებით ან ნებისმიერი სხვაგვარი შეფასებით არის სასამართლოში ჩარევა, ვფიქრობ, ეს ესმის ნებისმიერ, მინიმუმ სრულწლოვან პირს ქვეყანაში. ცხადია, ასეთ დროს, როცა საუბარია კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მოსამართლემ მიიღო, მოგწონს თუ არ მოგწონს და თუ ვინმეს არ მოსწონს და როგორც ჩანს, მხარეებს ეს არ მოსწონთ, ამისთვის არსებობს ზედა ინსტანცია და ამისთვის ასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ის, რომ კონკრეტული საქმის განმხილველი მოსამართლე ამა თუ იმ გადაწყვეტილების გამო, პირდაპირ დისკრიმინაციის ქვეშ მოაქციო, ეს არ არის დემოკრატია და ვფიქრობ, აშშ- ის საელჩო ამ ყველაფერს ნათელს მოფენს”, – განაცხადა ღუდუშაურმა.