გია ვოლსკი: შანტაჟი სწორედაც რომ განახორციელა “ნაცმოძრაობამ” თავის მედიასაშუალებებით, აშშ-ზე დაბრალება დაიწყო, რომ ის ჩარეულია სასამართლო სისტემაში
შანტაჟი სწორედაც რომ “ნაცმოძრაობამ” განახორციელა, დაბრალება დაიწყო, რომ აშშ ჩარეულია სასამართლო სისტემაში და განსაზღვრავს ვინ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ვინ- ცუდი, ვინ უნდა დაისაჯოს, ვინ წაიყვანონ და ვინ არ წაიყვანონ ამის გამო სემინარზე,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციის განცხადებას, რომ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადება აშშ- ის ელჩის და საელჩოს შანტაჟია.
ვოლსკის თქმით, ძალიან უნდა მოინდომო, რომ კობახიძის ნათქვამის ინტეპრეტირება მოახდინო.
“მოსამართლეები და სასამართლო სისტემა არა მარტო ირაკლი კობახიძემ და ნებისმიერ ჩვენგანმა, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში უნდა დაიცვას ხელისუფლებამ, საზოგადოებამ და იცოდეს, რომ სასამართლო ხელისუფლების ქვეყნის სამსახურში მყარად დგომა ნიშნავს, რომ ქვეყანას აქვს მომავალი. რაც შეეხება შანტაჟის თემას, შანტაჟი სწორედაც რომ განახორციელა “ნაცმოძრაობამ” თავის მედიასაშუალებებით, აშშ-ზე დაბრალება დაიწყო, რომ ის ჩარეულია სასამართლო სისტემაში და განსაზღვრავს ვინ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ვინ-ცუდი, ვინ უნდა დაისაჯოს, ვინ წაიყვანონ და ვინ არ წაიყვანონ ამის გამო სემინარზე. ეს ისაუბრა კობახიძემ და ოპონენტები ყოველთვის შეეცდებიან შეატრიალონ. ძალიან უნდა ეცადო, რომ ინტერპრეტაცია გააკეთო, თუმცა გამოცდილი საზოგადოება, რომელსაც მედია შეარქვეს, ახერხებს და ხალხს აწვდის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გამოიყენა იმ თვალსაზრისით, რომ ვიღაცას შანტაჟს უწევს და განსაკუთრებით ჩვენი მეგობარი ქვეყნის საელჩოს. ვფიქრობ, ამ მონდომებას წარმატება არ ექნება,”- განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისათვის, კობახიძის განცხადებით, მოსამართლის კონკრეტული გადაწყვეტილების გამო სემინარზე არ დაშვება სისხლის სამართლის დანაშაულია. “დავანებოთ თავი საელჩოს და წარმოიდგინეთ, პარლამენტი აწყობს სემინარს, არ მოეწონა მოსამართლის გადაწყვეტილება, იბარებს მოსამართლეს და ეუბნება, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, შენ სემინარზე აღარ დაიშვები. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის მიზანიც არის ზემოქმედება კონკრეტულ მოსამართლეზე და ზემოქმედება მეორე და მესამე ინსტანციის მოსამართლეებზე,”- განაცხადა კობახიძემ.