პოლიციამ შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 3 პირი
შსს-ს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს და 3 პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ვ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 14 მჭიდი და 441 ვაზნა.
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1983 წელს დაბადებული ი.კ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 20 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლების მიერ, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის არის დაკავებული.
პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, „ბრაუნინგის“ სისტემის პისტოლეტი და მჭიდი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.