ფასანაურის სპორტული დარბაზი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა ინვენტარით აღჭურვა

დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში არსებული სპორტული დარბაზი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა შესაბამისი ინვენტარით სრულად აღჭურვა, სპორტსმენებს კი ეკიპირება გადაეცათ.

ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გიორგი ჩიფჩიური და გოჩა ქავთარაძე, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან, ოლიმპიურ ჩემპიონებთან – ლაშა ბექაურთან, ლაშა ტალახაძესთან, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და ადგილობრივებთან ერთად დაესწრნენ.

აღნიშნული სპორტული დარბაზი 100-ზე მეტ ადგილობრივ ბავშვს უფასოდ მოემსახურება. მათ შესაძლებლობა მიეცემათ, პირველ ეტაპზე, ძიუდოთი და ძალოსნობით დაკავდნენ, მოგვიანებით კი, სპორტის სხვა სახეობებიც ხელმისაწვდომი გახდება.

ძიუდოს დარბაზი – ლაშა ბექაურის, ფიცარნაგი კი ლაშა ტალახაძის სახელობის იქნება. პროექტის მხარდამჭერია ძალოსნობის ფედერაცია, რომელიც მწვრთნელებს გადაამზადებს.

ამასთან, როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, დარბაზთან მალე 30 ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება, რაც ადგილზე სპორტული შეკრებების ჩატარებას შესაძლებელს გახდის.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები