ალეკო ელისაშვილი: საქართველოს თუ როდესმე ჰქონია შანსი, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ეს შანსი არის ახლა

საქართველოს თუ როდესმე ჰქონია შანსი, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტად გაიხსნას ევროკავშირის კარი, ეს შანსი არის ახლა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, კმაყოფილი მხოლოდ რუსეთი იქნება.

„ქართული ოცნება“ დადის და იძახის, რომ ოპოზიციაში არის ხალხი, რომელსაც კანდიდატის სტატუსი არ უნდა და საწინააღმდეგოდ მოქმედებენო. ამის პასუხად ლევან იოსელიანმა, რომელიც ოპოზიციიდან არის ერთადერთი ვიცე-სპიკერი, გუშინ დაწერა და თქვა ინიციატივა – მოდით, მთლიანად ოპოზიციამ, პირველ რიგში, საპარლამენტო ოპოზიციამ, სურვილის შემთხვევაში კი არასაპარლამენტოც თუ შემოუერთდება, ძალიან კარგი, ერთობლივად მივმართოთ ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რომ ჩვენ, საქართველოს ოპოზიციური პარტიები, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლების ბევრი რამ არ მოგვწონს, მოგიწოდებთ, მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი. იმედია, ამას შევძლებთ და აქ ოპოზიცია ერთიანობას გამოავლენს. ვინც ხელს არ მოაწერს, ხომ მიხვდებით და დაინახავთ, რომ სწორედ მათ გულისხმობდა „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს. ამას დავინახავთ. ვნახოთ, „აღდგომა და ხვალეო“, ხვალ გაირკვევა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები