ლევან იოსელიანი: ევროკავშირი მზად არის, გააძლიეროს და გააღრმაოს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, მთავარია, რომ ჩვენ ვიყოთ მზად ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის გასაძლიერებლად

ფაქტი არის ის, რომ ევროკავშირი მზად არის, გააძლიეროს და გააღრმაოს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, მთავარია, რომ ჩვენ ვიყოთ მზად ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის გასაძლიერებლად. სხვა ჩვენს საქმეს ვერ გააკეთებს, – ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, ლევან იოსელიანი წერს.

ვიცესპიკერი პარლამენტში ყველა ოპოზიციურ ჯგუფს, დამოუკიდებელ დეპუტატს სთავაზობს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს გაუგზავნონ ერთობლივი წერილი, სადაც პარლამენტის წევრები დაადასტურებენ მზადყოფნას, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის.

“2022 წლის მარტში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ ვიცოდით, აპირებდა თუ არა საქართველოს მთავრობა ევროკავშირში კანდიდატის სტატუსზე განაცხადის გაკეთებას, როგორც პარლამენტის ვიცესპიკერმა, მივწერე ევროკავშირის სტრუქტურების ხელმძღვანელებს, მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირში უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს.

წერილში დავუდასტურე ჩემი და ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულება დასავლური ღირებულებებისადმი და ევროკავშირისკენ სწრაფვის სურვილი, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანია. შესაბამისად, ვთხოვე, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის მხარი დაეჭირათ. ასევე, ვთხოვე, საქართველო გათვალისწინებული იყოს ყველა იმ შესაძლო ფორმატში, რომელშიც ევროკავშირი უკრაინის ევროკავშირთან დაახლოების საკითხს ან რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის გზებს განიხილავს.

29 აპრილს, ქალბატონი ლაიენისგან და ბატონი ბორელისგან მივიღე პასუხი, სადაც ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი საქართველოს წევრობის განაცხადს მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილავს ქართველი ხალხისთვის, რომელსაც სურს, ევროკავშირის ნაწილი იყოს (პასუხის სრული ტექსტი შეგიძლიათ ფოტოზე იხილოთ).

ფაქტი არის ის, რომ ევროკავშირი მზად არის, გააძლიეროს და გააღრმაოს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, მთავარია, რომ ჩვენ ვიყოთ მზად ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის გასაძლიერებლად. სხვა ჩვენს საქმეს ვერ გააკეთებს.

ამიტომაც, ამჯერად, პარლამენტში წარმოდგენილ ყველა ოპოზიციურ ჯგუფს და დამოუკიდებელ დეპუტატს გთავაზობთ, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს გავუგზავნოთ ერთობლივი წერილი, სადაც დავუდასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, რომ ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის. მზად ვარ, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, საერთო ოპოზიციური წერილის გაგზავნის კოორდინირება, როგორც ვიცესპიკერმა, ჩემს თავზე ავიღო“, – წერს ლევან იოსელიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები