ილია დარჩიაშვილი: შვეიცარიაში პრემიერს ექნება შეხვედრები სხვადასხვა ევროპელ ლიდერთან, განხილული იქნება საქართველოს ევროპული პერსპექტივა
დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერმინისტრის სამდღიანი სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში, დავოსში. რა თქმა უნდა, ვიზიტის შინაარსობრივი ნაწილი, ერთი მხრივ, ეკონომიკური კომპონენტია, ხოლო მეორე ნაწილი პოლიტიკურია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დავოსში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკურ ნაწილში დღეს საქართველოს პრემიერმინისტრს პირველი შეხვედრა ჰქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან და საკითხი, ძირითადად, შეეხებოდა პოსტპანდემიურ პერიოდს, საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების შესაძლებლობების გამონახვას.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ასევე, პრემიერმინისტრს ექნება შეხვედრები სხვადასხვა მსხვილი კომპანიის წარმომადგენლებთან. მათთან ერთად განიხილება ის შესაძლებლობები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა სთავაზობს უცხოურ კომპანიებს. პოლიტიკურ ნაწილში, პრემიერს ექნება შეხვედრები სხვადასხვა ევროპელ ლიდერთან, განხილული იქნება საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ის საკითხები, რომლებიც ეხება საქართველოს კითხვარის შევსებას და ჩვენს მომავალ ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ოფიციალურად გაიხსნა. დავოსში შეხვედრებს მართვას საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს.