საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ესტუმრა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ყოველწლიური სამმხრივი შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები, რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე აგრესია და მისი გავლენა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ასევე, კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერების გზები და სამმხრივი თანამშრომლობის სხვა მიმართულებები.
პარლამენტის ინფორმაციით, ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა სამი ქვეყნის მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას, როგორც რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის მთავარ საშუალებას და აღნიშნა, რომ ვერცერთი გარე ძალა ვერ შეძლებს ამ სტრატეგიული კავშირების საფრთხის ქვეშ დაყენებას.
ნიკოლოზ სამხარაძემ, აგრეთვე, ისაუბრა რეგიონში სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობაში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებას და თანამშრომლობას ითვალისწინებს.
„მშვიდობის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მივესალმებით ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცესს. ჩვენ მზად ვართ სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობისთვის. ჩვენმა მთავრობამ შეიმუშავა სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც კარგი შესაძლებლობაა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეხვედრისას ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზეც. ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა თურქ კოლეგებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების აქტიური მხარდაჭერისთვის. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი. აღნიშნული ფორმატის შეხვედრა ყოველწლიურად ტარდება და სამ ქვეყანას შორის საკანონმდებლო დონეზე არსებულ მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ განიხილონ რეგიონში მიმდინარე პროცესები, სამმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ასპექტები და შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნებს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებენ.