ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენთვის მთავარია ჩვენი მოქალაქეების ინტერესები და იმის მიუხედავად, რომ ბატონმა წალენჯიხის მერმა ვადები და პროცედურები დაარღვია, გამოვცემთ განკარგულებას, რომ წალენჯიხელებს მიეცეთ საშუალება, ყველა სახელმწიფო პროგრამით ისარგებლონ
მინდა, შეგახსენოთ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს როდესაც დავდიოდი რეგიონში, ერთ-ერთ გამოსვლაში ვთქვი, რომ თუ აირჩევდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, გამოჩნდებოდა, რომ არც თუ ისე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ და ფაქტი სახეზეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში, წალენჯიხაში განვითარებული პროცესების კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროდ, წალენჯიხის მერმა დააგვიანა და რეალურად მოქალაქეებს, წალენჯიხის მოსახლეობას არ მიეცა საშუალება, ისარგებლონ სახელმწიფო პროგრამებით.
„ამის მიუხედავად, მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი მინისტრ ქარსელაძესთან და დავავალე, ვინაიდან ჩვენთვის მთავარია ჩვენი მოქალაქეების ინტერესები. იმის მიუხედავად, რომ ბატონმა წალენჯიხის მერმა ვადები და პროცედურები დაარღვია, ჩვენ შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ ისე, რომ ჩვენს წალენჯიხელ მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, ყველა ამ პროგრამით ისარგებლონ და ამას თვის ბოლოს მოვაგვარებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.