კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გაეროს კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიშები მოისმინეს

იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ, საქართველოს მიმართ ინდივიდუალურ საჩივრებთან დაკავშირებით, მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიშები მოისმინეს.

პარლამენტის ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ორ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მიერ შესრულებულ რეკომენდაციებზე ისაუბრა.

„გაეროს მიმართულებით აღსასრულებელია ორი საქმე. ერთი შეეხება ოჯახში ძალადობის ფაქტს და მეორე, არასათანადო მოპყრობის შემთხვევას. არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში გაეროს კომიტეტის რეკომენდაცია მომჩივნების მიმართ მომხდარიყო შესაბამისი მკურნალობის განხორციელება და კომპენსაციის გაცემას შეეხებოდა.

აღსანიშნავია, რომ სანამ ეს პირები ჯერ კიდევ პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, ყველა სახის მკურნალობა გაეწიათ და მათ 2016 წელს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით და შესაბამისი კომპენსაციით ისარგებლეს. რაც შეეხება ოჯახში ძალადობის მიმართულებას, ეს შედარებით ახალი საქმეა. საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე კონკრეტული ინფორმაცია გაეროს შესაბამის კომიტეტში სულ რამდენიმე დღის წინ გააგზავნა. ინდივიდუალური ღონისძიების მიმართულებით გამოძიებამ შედეგი უკვე დადო. ახლა საქმე სასამართლოშია, რომ კონკრეტული პირების პასუხისგებაში მისაცემად საქმე სასამართლოს გადაეცა. ასევე მიმდინარეობს შიდა წარმოება კომპენსაციის გაცემაზე”, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

სხდომაზე ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ ისაუბრა. მან ყურადღება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის პრობლემურ საკითხებზე გაამახვილა. მისი თქმით, ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის საქმეებზე, უკვე მომხდარ შემთხვევაზე სახელმწიფო რეაგირების მექანიზმები აქვს, მაგრამ მის პრევენციას ვერ უზრუნველყოფს. „საქართველოში ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების მაჩვენებელი გაიზარდა. მზარდია ასეთ შემთხვევების დანაშაულებად იდენტიფიცირების, სახელმწიფო პოლიტიკის თუ კანონმდებლობის დახვეწის მაჩვენებელი. თუმცა, სამწუხაროდ, ამ პრობლემის მასშტაბები არ მცირდება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს პრევენციული პოლიტიკა ნაკლოვანებებით ხასიათდება. ჩვენ ვახდენთ რეაგირებას მომხდარ შემთხვევებზე, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი შემთხვევების პრევენციას ვერ უზრუნველვყოფთ”, – აღნიშნა ეკატერინე სხილაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების პრევენციის მიმართულებით სახელმწიფოსა და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას და აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არის ის პრიორიტეტული მიმართულება, რომელთან დაკავშირებითაც სახელმწიფოს ცალსახად და ცხადად აქვს გამოხატული პოზიცია, რომ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით გვმართებს ძალიან ინტენსიური მუშაობა. ვემხრობი მიდგომას, რომ რაც შეიძლება კრიტიკულები ვიყოთ. საკმაოდ ბევრი რამ კეთდება, თუმცა უნდა დავინახოთ უფრო მეტის გაკეთების შესაძლებლობა და პერსპექტივა”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საკითხის განხილვა, კომიტეტების მხრიდან ანგარიშების კენჭისყრით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები