„სააკაშვილი დღეს ომისა და დესტაბილიზაციის ინსტრუმენტია“ – საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“ აშშ-ის ელჩს წერილით მიმართავს
საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“ აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს წერილით მიმართავს. ამის შესახებ ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ელჩის ბოლოდროინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა. „საზოგადოებრივმა მოძრაობა „აი იამ“ რამდენიმე დღის წინ საჯაროდ, პირდაპირ ეთერში აშშ-ის ელჩს რამდენიმე კითხვით მივმართეთ. ეს კითხვები ქართულ საზოგადოებაში აბსოლუტურად სამართლიანად და საფუძვლიანად გაჩნდა. სამწუხაროდ, დღემდე ქალბატონი ელჩისგან არანაირი ფორმით პასუხი არ მიგვიღია. როგორც ჩანს, მან ვერ გამონახა დრო თუ შესაძლებლობა იმისათვის, რომ ქართულ საზოგადოებას აბსოლუტურად სამართლიან და საფუძვლიან კითხვებზე უპასუხოს. მაგრამ, სამწუხაროდ, აღმოაჩნდა დრო, შეხვედროდა გაბუნიას, მიშველაძეს, კვესიტაძეს. მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეს უკვე აშშ-ის საელჩოში ამავე შინაარსის წერილი გავაგზავნეთ. ვიმედოვნებთ, რომ ნებისმიერი საჯარო ფორმით ქალბატონი ელჩი, რომელიც საქართველოში ჩვენს მეგობარ, პარტნიორ სახელმწიფოს წარმოადგენს, პასუხებს გასცემს კითხვებზე, რომლებიც ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს გაუჩნდა. მთავარი, რაც ჩვენ გვაინტერესებს, არის: ქალბატონი ელჩი მიიჩნევს თუ არა, რომ ჩვენ, საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას, მაგრამ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს, გვაქვს თუ არა უფლება, ჩვენი ინტერესები გვქონდეს და თუ ეს ინტერესები კონკრეტულ მოცემულობაში, მომენტში სხვა ნებისმიერი ქვეყნის ინტერესებს არ ემთხვევა, ჩვენ, ბუნებრივად, პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მივანიჭოთ ? ესაა მთავარი კითხვა. ეს კითხვა ქართულ საზოგადოებაში ქალბატონი ელჩის ბოლოდროინდელი განცხადებებიდან გამომდინარე გაჩნდა. ეს არ იყო რომელიმე, ერთი კონტექსტიდან ამოგლეჯილი განცხადება, არამედ – მთელი რიგი პოზიციებისა, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელი და გაუგებარია. მოვისმინეთ უკანასკნელი განცხადება, რომელიც დამნაშავის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხებოდა. ქალბატონი ელჩის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების პოლიტიზებულად აღქმაც კი საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენს შესაძლებლობებს, უახლოეს მომავალში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გავწევრიანდეთ. ქართული საზოგადოებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ბუნებრივი არჩევანის, დასავლური ინტეგრაციის შესაძლებლობების დაკავშირება ერთი დამნაშავის, ოდიოზური ფიგურის ბედთან. გვაინტერესებს, რატომ შეიძლება, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ევროინტეგრაცია უკავშირდებოდეს თუნდაც ერთი რომელიმე დამნაშავის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას? დღეს საქართველოს სხვადასხვა საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი 10 000-მდე პატიმრიდან 99 %-ს არ აქვს ჩადენილი იმაზე მძიმე დანაშაულები, რაც გვარამიას – ხელისუფლებაში ყოფნის თუ ე.წ მედიამენეჯერად მუშაობისას აქვს ჩადენილი“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
მისივე თქმით, ელჩისადმი გაგზავნილ წერილში პოზიციას სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან და ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც აფიქსირებენ.
„წერილში ასევე აღვნიშნავთ და ქალბატონ ელჩს ვთხოვთ განმარტებას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოგვიწოდებს კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით, ე.წ. სახალხო დამცველის შეფასებებით და გაურკვეველი დასკვნებით ვიხელმძღვანელოთ. წერილში განვმარტავთ და მკაფიოდ ვაფიქსირებთ, რომ ქალბატონი ნინო ლომჯარია ქართული საზოგადოების ნდობით არ სარგებლობს. ის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებულია. ლომჯარია აქტიურად მონაწილეობს ყველა იმ პოლიტიკურ პროცესში, რომელიც დესტრუქციული ოპოზიციის მიერაა წარმართული. ის ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებას შერჩევითად ახორციელებს. უახლეს ფაქტს გავიხსენებ: „იმედის“ ჟურნალისტზე თავდასხმას, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მისთვის არანაირ საფუძველს არ წარმოადგენს, მინიმუმ შეფასება გააკეთოს და რეპორტიორი დაიცვას, რომელსაც თავს ზონდერები დაესხნენ.
წერილში ასევე ვეხებით მის პოზიციებს პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ქალბატონი ელჩი სააკაშვილთან მიმართებით უსამართლო და არაადეკვატურ შეფასებებს აკეთებს, როცა მოგვიწოდებს, რომ ე.წ. სახალხო დამცველის შეფასებებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. სააკაშვილი ამ ქვეყანაში დესტრუქციის და ომის ინსტრუმენტია. მის მიმართ ქართულ საზოგადოებაში არის დაკვეთა, რომ, ერთხელ და სამუდამოდ, სამართლიანობა აღსრულდეს. ქართული საზოგადოებისთვის, ის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამნაშავეა“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
გთავაზობთ „აი იას“ წერილს აშშ-ის ელჩისადმი:
„აშშ-ის ელჩს საქართველოში, ქ-ნ კელი დეგნანს
მოგესალმებით თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო ელჩო, გწერთ პატივისცემითა და მადლიერების გრძნობით, ყოველივესათვის, რაც აშშ-ს ჩვენი ქვეყნების მეგობრობის სხვადასხვა ეტაპზე გაუკეთებია საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. ამავდროულად, გწერთ შეშფოთებითა და წუხილით, რაც გამოწვეულია, მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებით თქვენი ბოლოდროინდელი განცხადებების შინაარსით. კერძოდ, ვგულისხმობთ თქვენს მოწოდებას, გავითვალისწინოთ და ვიხელმძღვანელოთ ე.წ. სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას, შეფასებების მიხედვით. ნება მოგვეცით მოგახსენოთ, რომ ქ-ნი ნინო ლომჯარია არ სარგებლობს საზოგადოების ნდობით, მეტიც, ის არის პოლიტიკურად მიკერძოებული – აქტიურად არის ჩართული ყველა პოლიტიკურ პროცესში, რომელიც წარმართულია დესტრუქციული ოპოზიციის მიერ. ის არ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს და შერჩევით ახორციელებს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებას. ეს რაც შეეხება ქალბატონ ლომჯარიას, ხოლო მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ გაგვიჭირდება ერთ წერილში ყოვლისმომცველად განვიხილოთ მისი საქმიანობის ნეგატიური შედეგები და მის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულებები, ამიტომ, ერთ ციტატას მოგიყვანთ მხოლოდ – “სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“. ეს არის ამონარიდი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გირგვლიანი-ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ. უდანაშაულო ადამიანი პოლიციის მაღალჩინოსნებმა შსს-ს მინისტრის მეუღლის დავალებით გაიტაცეს, სასტიკად აწამეს და მოკლეს. შემდეგ კი, ხელისუფლების ყველა შტო – სასამართლო, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ასევე კონტროლირებადი მედია, ყველა ერთად მუშაობდა დანაშაულის დაფარვისთვის.
ეს არ იყო ერთი ცალკეული შემთხვევა, ეს იყო სისტემის ხელწერა, რომელიც შექმნა სააკაშვილმა, სისტემის რომელიც კლავდა, აწამებდა, ატერორებდა, არ აღიარებდა ფუნდამენტურ უფლებებს – სიცოცხლის, კერძო საკუთრების, სიტყვის თავისუფლების და ა.შ. ეს ყველაფერი ხელისუფლებაში ყოფნისას, ხოლო ოპოზიციაში მისი ყოფნის ყოველი დღე ემსახურება ერთადერთ მიზანს – რევანშის გზით ხელისუფლებაში დაბრუნებას. ამ მიზნისთვის სააკაშვილი იყენებს საქართველოს ბიუჯეტიდან მოპარულ დიდ ფულს, პარტიულ მედიებს, რომლებიც არღვევენ ყოველგვარ დაწერილ თუ დაუწერელ სტანდარტებს, პროვოკაციულ პერსონებს, რომლებიც მიზნის მისაღწევად მიმართავენ ყველა უკანონო გზას. ქართველი ხალხი წლების განმავლობაში ელოდებოდა სამართლიანობის აღდგენას და მის პასუხისგებაში მიცემას ჩადენილი დანაშაულებებისთვის. სწორედ ეს იყო ერთ ერთი მთავარი პრეტენზია „ქართული ოცნების „ხელისუფლების მისამართით. ამიტომ, მასთან დაკავშირებით ნებისმიერი უსამართლო გადაწყვეტილება გამოიწვევს უმართავ პროცესებს, რადგან ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სამართლიანი სახელმწიფოს მთავარ პრინციპს. დღეს, ის არის ომის და დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი, როგორც მას ახასიათებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, რაშიც შეუძლებელია არ დაეთანხმო, რადგან 2008 წელს სააკაშვილმა ვერ აარიდა საკუთარ ქვეყანას ომი. აღსანიშნავია, ყოფილი სახელმწიფო მდივნის ქალბატონი კონდოლიზა რაისის მემუარებში მოყვანილი ფაქტები, ასევე საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტის განცხადებები, რაც ამყარებს ინფორმაციას, რომ სააკაშვილის აფრთხილებდნენ არ წამოგებულიყო რუსეთიდან მომდინარე პროვოკაციას და არ ჩართულიყო ომში. ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, გვიჩნდება საფუძვლიანი კითხვები და გთხოვთ ნებისმიერი საჯარო ფორმით გაგვცეთ პასუხი: 1) ემხრობით, თუ არა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ? 2) ემხრობით, თუ არა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას? 3) ემხრობით, თუ არა საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას?“, – ნათქვამია წერილში.