“იქ ჯოჯოხეთია, მტერი დონბასზე იერიშებს აძლიერებს” – ზელენსკი
უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის რეგიონის განთავისუფლებაში წინ მიიწევენ, მაგრამ მტერი დონბასზე ზეწოლის გაზრდას ცდილობს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის რეგიონის განთავისუფლებაში წინ მიიწევენ. მაგრამ დონბასში ოკუპანტები ცდილობენ, ზეწოლა კიდევ უფრო გაზარდონ. იქ ჯოჯოხეთია და ეს არ არის გაზვიადება.
სევეროდონეცკის სასტიკი და სრულიად უაზრო დაბომბვა, მხოლოდ ერთ დღეში იქ 12 დაღუპულია, ათობით დაჭრილი. ჩვენი სხვა ქალაქების დაბომბვა და იერიში, რუსული არმიის საჰაერო და სარაკეტო დარტყმები – ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ სამხედრო ოპერაციები ომის დროს. რუსეთის თავდასხმები ჩერნიგოვის რეგიონზე, კერძოდ, დესნას საშინელი იერიში, სადაც ნანგრევების გაწმენდა გრძელდება, ბევრი ადამიანია დაღუპული; მუდმივი თავდასხმებია ოდესის რეგიონზე, ცენტრალური უკრაინის ქალაქებზე, დონბასი მთლიანად არის დანგრეული – ამ ყველაფერს არ აქვს და არ შეიძლება, ჰქონდეს სამხედრო ახსნა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ ეს არის შეგნებული და დანაშაულებრივი მცდელობა, “მოკლა რაც შეიძლება მეტი უკრაინელი, გაანადგურო რაც შეიძლება მეტი საცხოვრებელი სახლი, სოციალური ობიექტები და საწარმო”.
„ეს არის ის, რაც კვალიფიცირდება უკრაინელი ხალხის გენოციდად და რისთვისაც ოკუპანტები აუცილებლად წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge