საქართველოში იანვარ-აპრილში ექსპორტი 32.8%-ით, იმპორტი კი 33.7%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 253.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.4 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტი 1 587.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ 32.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3 666.2 მლნ. აშშ დოლარს, რაც 33.7 პროცენტით მეტია. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-აპრილში, 2 078.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტია.
საქსტატის ცნობით, 2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.3 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 766.3 მლნ. აშშ დოლარით, ჩინეთი – 614.7 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი – 559.7 მლნ. აშშ დოლარით.
2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.3 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 290.4 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 168.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 156.4 მლნ. აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 637.8 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 403.3 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 324.3 მლნ. აშშ დოლარით.