ჯოზეფ ბორელი: ძალიან ვაფასებთ საქართველოს კენჭისყრას გაეროში – ვიცით, რამდენად რთულია საქართველოსთვის რუსეთის წინააღმდეგ წასვლა
ჩვენ ძალიან ვაფასებთ გაეროში [უკრაინის საკითხზე] კენჭისყრისას საქართველოს მხარდაჭერას, რადგან ვიცით რამდენად რთულია თქვენთვის რუსეთის წინააღმდეგ წასვლა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ე.წ სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება, იქ დაგეგმილი ე.წ რეფერენდუმის საკითხი და ევროკავშირის წევრობის განაცხადი განიხილეს.
„ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეშფოთებას [ცხინვალის რეგიონში] დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით. ამ რეფერენდუმს არაკანონიერად მივიჩნევთ და მას არ ვაღიარებთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, ასევე ვისაუბრეთ ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნის პერსპექტივებსა და იმ მოსაზრებაზე, რომელსაც ევროკომისია მომდევნო კვირებში გამოიტანს. ეს შესაძლებლობის ფანჯარაა. ეს მომენტია იმისათვის, რომ დაჩქარდეს რეფორმები, თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკური პოლარიზაცია, გაგრძელდეს რეფორმების გზა, განსაკუთრებით სასამართლო სფეროში, რადგან ეს არის ის საკითხები, რომლებიც არის საკვანძო“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.