თეა წულუკიანი: სამწუხაროდ, ამ ქვეყანამ ოპოზიცია ვერ შეიძინა
გავლენ, შევლენ, რას გადაწყვეტენ, სამწუხაროდ სულ ერთია, იმიტომ რომ ამ ქვეყანამ ოპოზიცია ვერ შეიძინა, რამდენიმე დეპუტატს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც შრომობენ და ცდილობენ ოპონირება გაუწიონ ხელისუფლებას, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ მანდატების დატოვების ინიციატივის საკითხს.
მისი თქმით, ოპოზიცია, რომელიც ახლა პარლამენტშია, „არაფრის მაქნისია“.
„ძალიან სულ ერთია ჩემთვის ისინი პარლამენტში იქნებიან თუ არა, იმიტომ რომ ჯერ არ შედიოდნენ, ლანძღავდნენ იმ საკუთარ „მეს“, რომელიც შევიდოდა პარლამენტში. ქუჩაში იდგნენ და ამბობდნენ: „მე თუ შევალ, მე ვიყო ესა და ეს“. მერე ეს მე შევიდა პარლამენტში და დაიწყეს თავის მართლება. რისთვისაც შევიდნენ, იმას არ აკეთებენ – რასაც ოპოზიცია უნდა აკეთებდეს. ამის ილუსტრაცია ჩემ თვალწინ იყო, როდესაც მე ვიყავი პარლამენტში და შემოდიოდნენ. ამ დროს მე მთავრობაში წამოვედი და როდესაც „მინისტრის საათი“ მქონდა, იქ თვალსაჩინოდ გამოჩნდა, რომ ისინი არაფრის მაქნისი ოპოზიცია არიან“, – განაცხადა წულუკიანმა.