ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) ჯოზეფ ბორელსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ამასთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ღარიბაშვილთან საუბრისას ხაზი გაუსვა ევროკავშირის გადაწყვეტილებას კიდევ უფრო გააღრმავოს ურთიერთობები საქართველოსთან.
„საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი დღეს ბრიუსელში საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ბორელმა საუბრის პროცესში გაიხსენა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მდგრადობის გასაძლიერებლად უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის კონტექსტში. მან ასევე დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის გადაწყვეტილებას კიდევ უფრო გააღრმავოს ურთიერთობები საქართველოსთან, რათა ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს.
ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა პარტიათაშორისი თანამშრომლობისა და შიდა პოლიტიკურ ძალებს შორის ერთიანობის მნიშვნელობას, რაც არის საკვანძო საქართველოში დემოკრატიის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი რეფორმების პრიორიტეტებში კონკრეტული და სწრაფი პროგრესის მისაღწევად. ევროკავშირი მზად არის, საქართველოს გვერდით იყოს ამ ძალისხმევებში; კერძოდ, შიდა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევაში; სასამართლო რეფორმის ინკლუზიური და სანდო დღის წესრიგის გზაზე დადგომაში და ამ მხრივ, შეთანხმებული საკონსტიტუციო რეფორმების განხორციელებაში. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენის გათვალისწინებით. საქართველო ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.