ვიქტორ დოლიძე: ძალიან მნიშვნელოვანია მადრიდის სამიტამდე პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, რათა პოლიტიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით თანამშრომლობა კიდევ უფრო იქნას გაძლიერებული

„კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს რამდენად მნიშვნელოვანია ნატოს გენერალური მდივნისთვის საქართველოსთან თანამშრომლობის ინტენსივობა და რამდენად მნიშვნელოვნად ჩათვალა შეხვედროდა საქართველოს პრემიერს თავის რეზიდენციაში“, – ამის შესახებ ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრის შესახებ განაცხადა.

ვიქტორ დოლიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მადრიდის სამიტამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით  თანამშრომლობა კიდევ უფრო იქნას გაძლიერებული. ვიქტორ დოლიძის ინფორმაციით, საქართველო კიდევ უფრო მეტ დახმარებას მიიღებს ამ მიმართულებით.

მისი განცხადებით, აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ნატოს გენერალურ მდივანს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღეს სულ ორი შეხვედრა ჰქონდა, მათ შორის ერთი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გაიმართა:

„ასევე აღსანიშნავია და ჩემი აზრით, ერთგვარად სიმბოლურიცაა, რომ ფინელებმა და შვედებმა დღეს გადასცეს ნატოს გენერალურ მდივანს ნატოში გაწევრიანების  აპლიკაცია; სულ ორი შეხვედრა ჰქონდა დღეს იენს სტოლტენბერგს – პირველი აპლიკაციის გადაცემის გამო (ფინეთისა და შვედეთის ელჩებთან) და მეორე შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს გენერალური მდივნის გამოჯანმრთელება ცოტა რთულად მიმდინარეობს“, – განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები