“24.02.22-ში პუტინმა, ფაქტობრივად, თვითონ გაანადგურა ის კონსენსუსი, რომელმაც ის ხელისუფლებაში მოიყვანა და მთელი ამ წლების განმავლობაში მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. შედეგად, როგორც პოლიტიკოსი პუტინი – მორჩა, დასრულდა”, – წერს სოციალურ ქსელში რუსი ანალიტიკოსი და პუბლიცისტი, დიმიტრი მილინი.
მისი თქმით, “პუტინის ცალმხრივი გადაწყვეტილებით ინიცირებულმა, უკრაინის „ბლიცკრიგის“ წარუმატებელმა ავანტიურამ აჩვენა:
– რომ სსრკ ვეღარ აღდგება (რევანშისტები – პუტინის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი ჯგუფია, განსაკუთრებით, „ჩვენი ყირიმის“ შემდეგ);
– რომ მფლანგველებისა და კორუმპირებული ჩინოვნიკების პატარა სამყარო, რომლებიც იპარავდნენ რუსეთში, მაგრამ ცხოვრობდნენ და მოპარულ ფულს დასავლეთში ხარჯავდნენ, მთლიანად განადგურდა ნაძარცვის ჩამორთმევით და ახლა, ნიცასა და ლონდონის ნაცვლად, სოჭი და ურიუპინსკი შერჩათ;
– რომ რუსეთის ფედერაციას არ ჰყავს არავითარი ძლიერი და დაუმარცხებელი არმია, მაგრამ ჰყავს ოდნავ გაუმჯობესებული საბჭოთა არმია, რამაც როგორც მილიტარისტებს, ასევე ურა-პატრიოტებს იმედები გაუცრუა;
– რომ აღარ იქნება შესაძლებელი ნავთობისა და გაზის ჭარბი შემოსავლის ხარჯზე ცხოვრების გაგრძელება, რამაც პარაზიტ-პატერნალისტების იმედგაცრუება გამოიწვია;
– რომ ყოვლისშემძლე სპეცსამსახურებს მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლიათ, მაგრამ ვერც კი ახერხებენ ნორმალური ანალიტიკის დადებას უკრაინის საკითხზე, რამაც “პუტინის ცბიერი გეგმის მოწმეებს” გაუცრუა იმედები;
– რომ ახლა სასწრაფოდ რაღაცაა გასაკეთებელი და ამან რუსეთის დემობილიზებული ხალხი გააბრაზა.
ახლა ყველაფერი, რასაც პუტინი ამბობს და აკეთებს, არავის აინტერესებს. მან ვერ შეძლო, ვერც საზოგადოებისთვის და ვერც საკუთარი გარემოცვისთვის აეხსნა, თუ რა საჭირო იყო 22 თებერვლის ავანტიურა და რა მიზნები ჰქონდა მას; რატომ გამოიწვია მისმა ბრძოლამ ნატო-ს გაფართოებასთან, მანამდე ნეიტრალურ შვედეთსა და ფინეთში ალიანსში სასწრაფოდ შეერთების სურვილი.
მას არ შეუძლია, ახსნას, რა უნდა გააკეთოს შემდეგ და როგორ იცხოვროს სანქციების ქვეშ, მთელი მისი „ძალაუფლების ვერტიკალი“ შოკშია და ისე აგრძელებს ცხოვრებას, თითქოს, არაფერი მომხდარა.
მომავალი, თუნდაც ახალი გაუთავებელი „სტაგნაციის“ სახით – გაქრა და პუტინი გახდა რუსული საზოგადოების ყველა ფენის ცხოვრების დონის და ხარისხის მოსალოდნელი ვარდნის მთავარი მიზეზი.
ახლა საჭიროა ახალი პოლიტიკოსები და ახალი პოლიტიკური ძალები, რომლებსაც შეუძლიათ პუტინის შემდგომი რუსეთის ვარიანტების შეთავაზება. ახლა კი უკვე აღარავის აინტერესებს, როდის და როგორ წავა პუტინი”, – წერს პუბლიცისტი.