ირაკლი ზარქუა: ისეთი ადამიანების შეწყალება, ვინც წლების მანძილზე სჩადიოდა დანაშაულებს და მტკიცებულებები არსებობს, სწორი არ არის
“ნიკა გვარამიას გუნდი სულ ლანძღავდა, აგინებდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს და ახლა შეწყალებაზე რომ მიმართონ – ვხვდები გვარამიას უხერხულობას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ისეთი ადამიანების შეწყალება, ვინც წლების მანძილზე სჩადიოდა დანაშაულებს და მტკიცებულებები არსებობს, სწორი არ არის.
“ბატონმა გვარამიამ პირადად მიმართა თავის ოჯახს, რომ არ მიმართონ პრეზიდენტს და პრინციპში მართალიც არის, ამ შემთხვევაში გვარამიას პოზიციას ვიზიარებ, იმიტომ რომ მთელი მისი გუნდი სულ ლანძღავდა, აგინებდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს და ახლა შეწყალებაზე რომ მიმართონ – ვხვდები მის უხერხულობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, თუმცა მგონია რომ ის ვინც არღვევს უფლებებს, ის ვინც წლების განმავლობაში სჩადიოდა ისეთ დანაშაულებს, რომელთა კონკრეტული მტკიცებულებებიც არის, მაგალითად ბატონი სააკაშვილის მიმართ, ასეთი ადამიანების შეწყალება, ჩემი აზრით, არ არის სწორი”, – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ “რუსთავი 2” -ის საქმეზე ე.წ. მანქანის ეპიზოდზე დამნაშავედ ცნო. მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.