ჯანდაცვის მინისტრი: მოსახლეობის მიერ, სამედიცინო კუთხით, ჯიბიდან გადახდები 73.4%-დან 43.5%-მდე არის შემცირებული

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სამედიცინო მომსახურებებზე ჯიბიდან გადახდილი თანხები 2012 წელთან შედარებით თითქმის 30%-ით არის შემცირებული. შესაბამისი განცხადება მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობის 94.7 პროცენტი სარგებლობს.

„ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ და სერვისების ეფექტიანმა დაგეგმვამ წარმატებით შეამცირა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული ფინანსური ბარიერები და შესაბამისად, გაზარდა მომსახურებით სარგებლობა. მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები 2012 წელს 73.4%-დან 2021 წელს 43.5%-მდე არის შემცირებული.
დღეის მდგომარეობით, წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 94.7 პროცენტი.
მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად თითქმის, ხუთჯერ გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები (2012 წელი – 450 მლნ. ლარი, ხოლო 2022 წელი – 2541 მლნ. ლარი).
ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რაც შეიძლება რაციონალურად ვხარჯოთ სახელმწიფო ბიუჯეტი ისე, რომ სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობა იყოს შენარჩუნებული. ამისათვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმია დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული მოდელი (DRG). ჩვენ უკვე დავიწყეთ DRG-ის დანერგვის პილოტური პროექტი რამდენიმე შერჩეულ კლინიკაში. 2022 წლის ბოლომდე სისტემა მზად იქნება სრულად, ყველა კლინიკაში ასამოქმედებლად“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები