ანრი ოხანაშვილი: სააკაშვილისთვის თავდებობის სურვილი თუ აქვს მის პარტიას, ეს პოლიტიკურად გასაგებია, მაგრამ ამას სამართლებრივი კონვერტაცია ვერ ექნება
„პარტიას, რომელსაც ჰყავს ბელადი სააკაშვილი, აქვს ინტერესი, რომ ის ყველანაირად დაიხსნას”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს, პარლამენტს მიმართოს, რომ, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში, თავდებში ჩაუდგებიან, რომ მკურნალობის შემდეგ ის დაბრუნდება.
ოხანაშვილის თქმით, სააკაშვილისთვის თავდებობის სურვილს სამართლებრივი კონვერტაცია ვერ ექნება.
“სააკაშვილისთვის თავდებობის სურვილი თუ აქვს მის პარტიას, ეს პოლიტიკურად გასაგებია, მაგრამ ამას სამართლებრივი კონვერტაცია ვერ ექნება. პარტიას, რომელსაც ჰყავს ბელადი სააკაშვილი, აქვს ინტერესი, რომ ყველანაირად დაიხსნას. ესეც კიდევ ერთხელ არის შეურაცხყოფა ჩვენი ხალხისა და იმ ადამიანების, ვის მიმართაც ეს ადამიანები დღემდე არ აღიარებენ, რომ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას და ა.შ.“, – განაცხადა ოხანაშვილმა.