თეა წულუკიანი – “ნაცმოძრაობაზე”: თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს, რეპუტაცია უნდა გქონდეს და ვიღაც უნდა გენდობოდეს

პენიტენციური სამსახური, როგორც ჩემი მინისტრობის დროს ყველაფერს აკეთებდა და იმაზე მეტს აკეთებდა, ვიდრე ხანდახან საჭირო იყო, რომ ბატონი ბაჩო ახალაიას, ბატონი ვანო მერაბიშვილის, ძალიან ბევრი მწვალებლის, რომლებიც ციხეებში მუშაობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყოფილიყო ზედმიწევნით დაცული სწორედ, ასე გრძელდება დღესაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” არც რეპუტაცია აქვს და არც ხალხის ნდობა, ამიტომ მათი მხრიდან მიხეილ სააკაშვილისთვის თავდებად ყოფნის განცხადება არასერიოზულია.

“ის უწყება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რასაკვირველია ყველა ფაქტისა და გარემოების გათვალისწინებით. თავდებში დადგომა იმისათვის, რომ გააპარო ციხიდან და საზღვარგარეთ გადამალო იმ საბაბით, რომ მკურნალობას გაივლის უცხოეთში უკეთესად, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური გამოგონებაა. გარდა ამისა, ვინაიდან პატიმართან გვაქვს საქმე, მე თავს ვიკავებ ხოლმე უადგილო იუმორისგან, მაგრამ თავდებში, რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს, რეპუტაცია უნდა გქონდეს და ვიღაცა უნდა გენდობოდეს. რაკი ამ შემთხვევაში არც ერთი აქვთ, არც მეორე და არც მესამე, ძალიან ძნელი იქნება ამ ინიციატივის სერიოზულად შესწავლა.

თითოეული პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყოველთვის იყო ჩვენი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი და იმ ადამიანებისთვის, ვინც ვიყავით ოპოზიციაში და დღეს ვართ ხელისუფლებაში. ეს არ შეცვლილა და არც არასდროს შეიცვლება. შესაბამისად, პენიტენციური სამსახური, როგორც ჩემი მინისტრობის დროს ყველაფერს აკეთებდა და იმაზე მეტს აკეთებდა, ვიდრე ხანდახან საჭირო იყო, რომ ბატონი ბაჩო ახალაიას, ბატონი ვანო მერაბიშვილის, ძალიან ბევრი მწვალებლის, რომლებიც ციხეებში მუშაობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყოფილიყო ზედმიწევნით დაცული სწორედ, ასე გრძელდება დღესაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილს თავდებში დაუდგებიან, რაც იმას გულისხმობს, რომ უცხოეთში მისი სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოფენ, რომ მკურნალობის შემდეგ ექსპრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდეს და სასამართლოს წინაშე წარდგეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები