მეუფე გრიგოლი: რაც დღეს ხდება, აჩენს მოლოდინებს, რომ როდესაც, დავუშვათ, ხელისუფლება შეიცვლება, შესაძლოა, შურისძიებები ვიხილოთ

ვფიქრობ, საერთოდ მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროა, რომ ასეთ ფორმატში და ასეთ თემაზე გვიწევს საუბარი მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს პრეზიდენტს ეხება, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ბრალდებულ ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, კიდევ უფრო მეტ ურთიერთმიუღებლობას ბადებს.

“ზოგადად, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, საზოგადოებაში, ყველა სიმაღლეზე, ბადებს კიდევ უფრო მეტს ურთიერთმიუღებლობას და მეტ სიმძაფრეს და მოლოდინებს აჩენს, რომ როდესაც, დავუშვათ, ხელისუფლება შეიცვლება, შეიძლება, ასეთივე შურისძიებები ვიხილოთ, რაც მძიმე წარმოსადგენია. ერთხელ ხომ უნდა გადაიდგას ნაბიჯი, რომ შემოვტრიალდეთ სინათლისკენ, სადაც ერთმანეთს თვალს გავუსწორებთ და ვიქნებით ამტანები და მოწყალენი, რადგან შეუცდომელი არ არსებობს.

ჩემი აზრით, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს და ეს არის თემა ჰუმანურობის და ანტიჰუმანურობის, ვისაც ეხება, თვითონ გაიგებს და თუ ვინმეზეა დამოკიდებული, პიროვნებებზე, ჯგუფებზე, როგორც ჩანს, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია და მწვავედ დგას. მე ეჭვი მეპარება ვინმეს უკვირდეს და უკვეთავდეს სააკაშვილის დასჯას რუსეთის პრეზიდენტი, აქ ცოტა სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთს არ უხარია, რომ სააკაშვილი ციხეშია, მაგრამ სწორედ იმ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რომ აქ არა თუ დაკვეთაა, არამედ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს ფაქტი, თითქოს, ესიამოვნება ჩვენ ჩრდილოელ მეზობელს და ის აღარ დაგვესხმება თავს, ეს გარდაუვალია, ამას ვერაფერი ვერ შეაკავებს, დღეს არა ხვალ, ხვალ არა ზეგ, თუ ჩვენ არ გვექნა პრინციპული პოზიცია”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები