დნესტრისპირეთში აცხადებენ, რომ ბომბით აღჭურვილი დრონი გაანეიტრალეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უკრაინიდან გაუშვეს
არაღიარებულ დნესტრისპირეთში აცხადებენ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უკრაინიდან იყო გაშვებული.
ე.წ. რესპუბლიკაში ტერორისტული თავდასხმების რისკი შენარჩუნებულია.
ამის შესახებ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიტალი იგნატიევმა განაცხადა.
„ტერორისტული საფრთხის წითელი, გაზრდილი დონე რჩება. ჩვენ მოვახერხეთ უპილოტო საფრენი აპარატის განეიტრალება, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებებით – “მაიაკის” რადიო-სატელევიზიო ცენტრის მიმართულებით მიფრინავდა. საფრთხე მინიმუმამდე დავიყვანეთ, მაგრამ ტერორისტული თავდასხმების საშიშროება რჩება. ამიტომ, მობილიზებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით“, – განაცხადა იგნატიევმა „რუსეთი 24“-ის ეთერში.
მისი თქმით, „ჩვენ შევძელით დრონის გადაადგილების თვალყურის დევნება და ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ის უკრაინის ტერიტორიიდან, დნესტრისპირეთის საზღვრიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით იყო გაშვებული“.