მიხეილ სარჯველაძე – გიგი უგულავაზე: პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ზღვარს გადასულია როგორც ეთიკის, ისე – ზრდილობის თუ საღი აზრის კუთხით
პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გიგი უგულავა ზღვარს გადასულია როგორც ეთიკის, ასევე, ზრდილობის თუ საღი აზრის კუთხით, – ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე გიგი უგულავას განცხადებას.
მისი თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები ხელისუფლებას არაფერს ავნებს.
“ასეთი განცხადებები ხელისუფლებას არაფრით ავნებს, მათ თვითდისკრედიტაციას ახდენს, რადგან ამ ყველაფერს არ შეიძლება, რაიმე გავლენა ჰქონდეს ნორმალურ საზოგადოებაზე. ამას რაც უფრო მალე შეიგნებენ და ფსევდო-ემოციური განცხადებებისგან თავს შეიკავებენ, რასაკვირველია, უკეთესი იქნება.
საზოგადოება არ უნდა აჰყვეს ცალკეული ადამიანების პროვოკაციებს, ავანტიურებს. არ მგონია, ასეთი სახის პოლარიზაციის მცდელობებმა რეალური საფრთხეები გააჩინოს. როცა ასეთ განცხადებებს ვისმენთ, ოპოზიცია ახერხებს, რომ პოლარიზაციის მაღალი ხარისხი შენარჩუნდეს”, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, უგულავამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა: “პირდაპირ ვამბობ, მე არ მიყვარს მიკიბ-მოკიბვა, სააკაშვილს ციხიდან გამოიტანენ მკვდარს და ყველა, ვინც არის პასუხისმგებელი, სულ რომ ბოლო წუთი იყოს, მე თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში”.