ზმეინის მესაზღვრე, რომელმაც რუსული გემის ეკიპაჟს ცნობილი ფრაზით მიმართა: რუსებს რომ სცოდნოდათ, ეს ფრაზა მე ვთქვი, ვერ დავბრუნდებოდი

ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული მესაზღვრე კუნძულ ზმეინიდან, რომელმაც რუსული სამხედრო გემი Русский Корабль Иди На х*й გაუშვა და დანებებაზე უარი თქვა, ამბობს, რომ რუსებმა არ იცოდნენ, ვინ იყო ამ სიტყვების ავტორი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სახლში არ დააბრუნებდნენ.

“ეს ვინ თქვა, მათ არ იცოდნენ. ეს კარგი იყო, რადგან ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში კარგად არ მომექცეოდნენ და სახლში ვერ დავბრუნდებოდი”, – განაცხადა რომან გრიბოვმა.

ზმეინის დამცველი იხსენებს, რომ ტყვეობაში ყოფნისას არ იცოდა, რა მოჰყვა მის სიტყვებს და რამხელა მნიშვნელობის გახდა არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ – მსოფლიოსთვის.

“კაცმა, რომელიც ტყვეების გაცვლის პროცესში მონაწილეობდა, მითხრა – იცი, რომ ლეგენდარული ფრაზის ავტორი შენ ხარ? თავიდან ვერ მივხვდი, რაზე იყო საუბარი. სახლს რომ მივუახლოვდი, მივხვდი. მართალი გითხრათ, უხერხული იყო. მე უბრალო ადამიანი ვარ და ეს დიდი ყურადღებაა. ეს ფრაზა ხალხის გუნება-განწყობილებას ამაღლებს, ამიტომ დედაჩემმა გაიგო და მხარი დაუჭირა. რა თქმა უნდა, ეს არც ისე კარგია, რადგან უხამსობაა, მაგრამ მე ზრდასრული ვარ და შემიძლია, ასე გამოვხატო”, – ამბობს გრიბოვი.

მესაზღვრის თქმით, ოკუპანტები ტყვეებს აწამებდნენ როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე, ფიზიკურად.

“ძაღლებზე უარესად გვექცეოდნენ, პატიმრების “ხალათში” ვიყავით ჩაცმულები, მორალურად გაგვანადგურეს. ყველას ერთნაირად ექცეოდნენ, არ აინტერესებდათ, ვინ იყო მათ წინ — სამხედრო, კაცი, ქალი, მღვდელი”, — ამბობს ის.

გრიბოვის თქმით, რუსები მათ არწმუნებდნენ, რომ კიევი უკვე აღებული იყო და დასაბრუნებელი არსად ჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები