დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი)” სასესხო შეთანხმების შესახებ იმსჯელა.

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განმარტა, აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის 30 მარტს მოეწერა და ის საგარეჯო-ბადიაურის მიმართულებით გზის 17 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას ითვალისწინებს.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება და მისი სავარაუდო ხანგრძლივობა 30 თვეს მოიცავს. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი 97 მლნ. 700 ათასი ევროს ოდენობის სესხს გამოყოფს. მომხსენებელმა დეპუტატებს სესხისა და პროექტის განხორციელების პირობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული დოკუმენტის რატიფიცირებას.

დღესვე იმსჯელეს კანონპროექტზე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” , რომელიც დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა.

„აღნიშნული ცვლილებები გამომდინარეობს იქიდან, რომ დროთა განმავლობაში გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც საჭიროებს დარეგულირებას, რათა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საქმიანობა იყოს გამართული და მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული”,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მისი განმარტებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შედის სსიპ სახელმწიფო რეზერვების სააგენტო, რომელიც საგანგებო და სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით დამატებით სერვისებს ახორციელებს. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, სააგენტოს სახელი-„სახელმწიფო რეზერვების სააგენტო” ჩანაცვლდება სახელით -„სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტო”.

გარდა ამისა, სააგენტოს ექნება დამატებითი ფუნქციაც, რომელიც მეხანძრე-მაშველთა სწავლებასა და მომზადებას ითვალისწინებს. მომხსენებლის განმარტებით, დღეს ამ ფუნქციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია ახოერციელებს, თუმცა ამისთვის ასახელმწიფო რეზერვების სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას იყენებს. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ცვლილების განხორციელების შემდეგ სააგენტო სრულად იქნება უფლებამოსილი თავად განახორციელოს ეს ფუნქცია. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების ფორმად ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის სამსახურის ჟეტონით დაჯილდოებას.

ცვლილებით დარეგულირდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა მიღებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. ახლებურად დარეგულირდება სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირებისათვის სამოქალაქო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი. საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ამ და სხვა ცვლილებებს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა კომიტეტს განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. მომხსენებლის თქმით, ცვლილების შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში ანდა საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთა მომზადება-გადამზადების ორგანოდ განისაზღვრება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო და სასწავლო ცენტრი. ასევე, კანონპროექტით განისაზღვრება სასწავლო ცენტრისთვის სტატუსის მინიჭების და ფუნქციონირების პირობები, სააგენტოს უფლებამოსილება და სხვა.

გურამ გურამიშვილის განმარტებით გაჩნდება სამართლებრივი საფუძველი, ტრანსპორტის სფეროს განვითარებასთან დაკავშირებით არსებული თანამედროვე მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მოწესრიგდება სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში, ანდა საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთა საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების და პერიოდული გადამზადების საკითხი. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს სხდომის დღის წესრიგით განსაზღვრულ კიდევ ერთი საკითხს – საქართველოს მოქალაქეების: რატი ფუტკარაძისა და ანი ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები