ქადაგიშვილი – არესტოვიჩზე: ამ პროვოკატორს ვეტყვი, რომ ის გულგრილად ეკიდება უკრაინაში მიმდინარე ომს და უკრაინელი ხალხის ტრაგედიას
ამ პროვოკატორს ვეტყვი, რომ ის ასეთივე გულგრილობით უდგება უკრაინაში მიმდინარე ომსა და უკრაინელი ხალხის ტრაგედიას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას გამოეხმაურა.
“ალექსეი არესტოვიჩის განცხადება არის პროვოკატორის განცხადება და ამ პროვოკატორს ვეტყვი, რომ ასეთივე გულგრილობით უდგება ის უკრაინაში მიმდინარე ომს და უკრაინელი ხალხის ტრაგედიას.
ქართველმა ხალხმა გადაწყვეტილება ბევრჯერ მიიღო, მათ შორის, ბოლო არჩევნებზეც. მისი გადასაწყვეტი არ იქნება, მაგრამ, ალბათ, უკრაინელი ხალხის გადაწყვეტს არესტოვიჩის ბედს. ეს არის კონკრეტული პოლიტიკური ხაზის გატარება. ეს არის რეალპოლიტიკა – დავინახეთ, რომ მათ სურთ, სადმე მეორე ფრონტი გაიხსნას. ამის საუკეთესო ვარიანტად საქართველო მიაჩნიათ. ეს იმიტომ, რომ საქართველოში არსებობს ღალატისა და ომის პარტია – “ნაციონალური მოძრაობა“, მთელი თავისი სატელიტური თანამგზავრებით, რომლებიც ეუბნებიან, რომ თუ თავად იქნებიან ხელისუფლებაში, ეს ყველაფერი შედგება. აქედან გამომდინარეობს ერთიან მესიჯბოქსში აწყობილი პოლიტიკური აგრესიული შეტევა საქართველოზე. მათთვის ძალიან გასაგებია, როცა ომის დაწყების დღეს სახელმწიფოები რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობაზე აწერენ ხელს და მადლობას უხდიან, მაგრამ შეტევა ხდება საქართველოზე, რომელიც პირველივე წუთებიდან უკრაინის გვერდით დგას.
ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესები გვაქვს და არ შეიძლება ეს ეროვნული ინტერესები პოლიტიკურ ავანტიურისტებს შევწიროთ. ჩვენი ეროვნული ინტერესია მშვიდობის შენარჩუნება, განვითარება და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მყარად სიარულის გაგრძელება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ალექსი არესტოვიჩმა “ფეიგინ ლაივის“ ეთერიდან საქართველოს მთავრობას მიმართა: “მოდით, ბაჭიებო, გეტყვით შემდეგ რამეს: თქვენს პოლიტიკას შეფასებას მისცემს ქართველი ხალხი, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი სალამი”.