ევროკავშირისგან გადმოცემული კითხვარის პირველი ნაწილი საქართველომ უკვე მოამზადა და მთავრობა ევროკომისიას მას ორშაბათს გადასცემს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კითხვარის შევსებაში ყველა სახელმწიფო უწყება აქტიურად იყო ჩართული.
„პრემიერმინისტრთან ერთად, დღეს კომისიის ფარგლებში განვიხილეთ კითხვარის მომზადების საკითხი. აღნიშნული კითხვარის პირველი ნაწილი მომზადდა ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობით, უზარმაზარი სამუშაო გაიწია და საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც დასამუშავებლად გადმოგვეცა. რაც შეეხება ბოლო ნაწილს, სექტორულ ნაწილს, რომელიც უფრო ტექნიკური და სპეციფიკურია, აღნიშნულ დოკუმენტში არის დაახლოებით 2300 კითხვა. ამ დოკუმენტზე მუშაობა დაწყებული აქვს ყველა სახელმწიფო უწყებას, შესაბამისად, დადგენილი ვადები აღნიშნული დოკუმენტის გაზიარების ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან არის 13 მაისი და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ აღნიშნული კითხვარის ბოლო, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ მუშაობა და გავუზიაროთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ამასთან, დღეს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ კითხვარის სექტორული ნაწილიც დღეს გასაჯაროვდება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.