“უახლოეს დროში” პუტინთან შესაძლო შეხვედრას კიევში უპასუხეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დრო და კონტექსტი განსაზღვრული ჯერ არ არის, – განაცხადა ზელენსკის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

პოდოლიაკი თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრა უახლოეს დროში შედგება.

„რასაკვირველია, თურქეთი, რომელიც აცნობიერებს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დამანგრეველ შედეგებს შავი ზღვის რეგიონისთვის, ცდილობს, კონფლიქტის მოგვარება დააჩქაროს. თუმცა, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის დრო და შეხვედრის კონტექსტი ჯერ დადგენილი არ არის. ერთი მხრივ, აღმოსავლეთ უკრაინაში შეტაკებების გარკვეული გააქტიურებაა, ასევე, მარიუპოლის საბოლოოდ განადგურების მცდელობები. მეორე მხრივ, გრძელდება კონსულტაციები სამუშაო ქვეჯგუფების დონეზე, რომლებიც ამზადებენ მხარეთა პოზიციებს სამართლებრივი თვალსაზრისით. როგორც კი დეტალები გამოჩნდება, ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას გავაკეთებთ“, – თქვა პოდოლიაკმა.

როგორც თუქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა თქვა, “მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული სირთულეები, იმედი გვაქვს, ჩვენი პრეზიდენტის შუამავლობით, ორი ლიდერის შეხვედრა უახლოეს დღეებში შესაძლებელი გახდეს. ჩვენ ვაგრძელებთ წვლილის შეტანას ყველაფერში, რაც უნდა გაკეთდეს, მათ შორის, შუამავლობის მხრივ, რათა არ გაუარესდეს ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომელიც სავალალოა უკრაინაში და რაც შეიძლება მალე იქნეს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები