თეა წულუკიანი: ბატონი არესტოვიჩის განცხადებები ადასტურებს, რომ ახლა ხელისუფლებაში სააკაშვილი რომ იყოს, საქართველო ომის ალში იქნებოდა გახვეული
ბატონი არესტოვიჩის განცხადებები ადასტურებს, რომ სააკაშვილი რომ იყოს ახლა ხელისუფლებაში, საქართველო ომის ალში იქნებოდა გახვეული, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებები “ნაციონალურ მოძრაობას” პრაქტიკულად ბოლომდე შიფრავს.
“ტრადიციულად, გვესმის ბატონი არესტოვიჩის შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომლებიც, უკვე პრაქტიკულად, ბოლომდე გშიფრავთ თქვენ [„ნაციონალურ მოძრაობას“] და თქვენს მხარდამჭერებს. ის [ალექსეი არესტოვიჩი] ამბობს, რომ ჩვენ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სწორედ იმიტომ ვართ მავანისთვის მიუღებელი, რომ ჩვენ არ ვართ ომის ადამიანები და არ ვიწყებთ ომს ჩვენსავე ქვეყანაში, რათა რუსეთის ყურადღება და სამხედრო ძალები გადანაწილდეს უკრაინასა და სხვა ფრონტებს შორის. დიახ, მე, როგორც ამ მთავრობის წევრი, ვადასტურებ, რომ ამ მთავრობაში დღეს არ არიან ომის ადამიანები. ჩვენ ვართ მშვიდობის ადამიანები, სტაბილურობისთვის მებრძოლი და მომუშავე გუნდი, რომელიც უკვე 10 წელია, 1 დღე არ გასულა, რომ არ გვეფიქრა იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ რაც შეიძლება განგრძობად რეჟიმში სტაბილურობა, რომ როგორმე, მივაღწიოთ ცოტა უფრო განვითარებულ სახელმწიფოს, მყარ ინსტიტუტებს და დავუტოვოთ ის მომავალი თაობების მთავრობებს. ბატონი არესტოვიჩის განცხადებები ადასტურებს, რომ სააკაშვილი რომ იყოს ახლა ხელისუფლებაში, საქართველო ომის ალში იქნებოდა გახვეული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.