პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილა. მთავრობის განკარგულებით, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ღირსეულად ჩასატარებლად, „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის” ფარგლებში, თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოწყობას იწყებს.

პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ლარია. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია, როგორც სავარჯიშო მოედნების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, ისე ახალი სტადიონების პროექტირება-მშენებლობა. ჩემპიონატისთვის, არსებულის გარდა,  ჯამურად, 12 ინფრასტრუქტურული ობიექტი მოეწყობა. სავარჯიშო მოედნები განთავსებულია თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში. პროგრამით გათვალისწინებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელსვე დაიწყება.

საქართველო უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს 2023 წელს, 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. მთავრობამ ასევე გამოსცა განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის მიხედვით, 28 ფიზიკურ პირს, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა და დაუკანონდება სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაჩხაანში, მათსავე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სახლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები