„ლელო“ მოითხოვს, ირაკლი ღარიბაშვილმა დაუყონებლივ გაასაჯაროვოს ინფორმაცია, ჰქონდა თუ არა შეხვედრა თბილისში ვიზიტით ჩამოსულ კრემლთან დაახლოებულ პირთან

მოვითხოვთ, რომ მაღალი სახელმწიფო და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაუყონებლივ გაასაჯაროვოს ინფორმაცია – ჰქონდა თუ არა შეხვედრა თბილისში ვიზიტით ჩამოსულ კრემლთან დაახლოებულ პირთან – ალი უზდინოვთან, – ამის შესახებ პარტია „ლელო“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ყველა შესაბამის შედეგზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაეკისრება.

„უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო აგრესიის აღსაკვეთად, რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის შესრულების საკითხი, ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

სანქციების რეჟიმის დარღვევაში ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დახმარების აღმოჩენა, საქართველოს ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების მიერ, საფრთხის ქვეშ დააყენებს, როგორც ჩვენს ურთიერთობებს საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებთან, ასევე ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მომავალს და მის ეკონომიკას. ამის თაობაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მრავალი საჯარო და პირადი გზავნილი აქვს მიღებული ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეებისაგან.

გუშინ, პრეზიდენტ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას საჯაროდ მოუწოდა შეუერთდეს საერთაშორისო სანქციებს. მსგავსი მოწოდება არაერთხელ გააჟღერეს უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც, მათ შორის, უკრინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა, გასულ კვირას უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტისას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, უკიდურეს შეშფოთებას იწვევს დღეს საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის ბიზნეს და პოლიტიკური წრეების სანქცირებული წარმომადგენლების კავშირის თაობაზე.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, შესაძლოა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და მისი არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, სანქციების რეჟიმის გვერდის ავლაში დახმარების აღმოჩენაში დამნაშავედ ჩაითვალოს. შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც მსგავსი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, შესაძლოა, თავადაც აღმოჩნდეს სანქცირების საფრთხის ქვეშ, უმძიმესია.

შესაბამისად, მოვითხოვთ, რომ მაღალი სახელმწიფო და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაუყონებლივ გაასაჯაროვოს ინფორმაცია-ჰქონდა თუ არა შეხვედრა თბილისში ვიზიტით ჩამოსულ კრემლთან დაახლოებულ პირთან-რუსეთის მმართველი პოლიტიკური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრ და როსტოვის რეგიონალი საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილესთან, ალი უზდინოვთან. თუ შეხვედრა შედგა, გასაჯაროვდეს საუბრის შინაარსი. პარტიის საპარლამენტო წარმომადგენლობა საქართველოს შსს-გან ასევე ოფიციალურად გამოითხოვს ინფორმაციას, აღნიშნული პირის მიერ, გასული 2 თვის მანძილზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის თაობაზე.

რუსეთისათვის დაწესებული სანქციების რეჟიმის დაცვა დღეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, ყველანაირი ეჭვი, რომელიც უკავშირდება საქართველოს მიერ სანქციების რეჟიმის დაცვას, საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის წარმატებას ნატო-ს მოახლოვებულ ისტორიულ სამიტზე და ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის პოზიტიურად შეფასებას.

პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ყველა შესაბამის შედეგზე, დაეკისრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. შესაბამისად, უახლოეს დღეებში, ყველა კითხვას, როგორც სანქცირებულ პირებთან ურთიერთობებზე, ასევე სანქციების რეჟიმის დაცვაზე, ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები