NDI: გამყარდა მოსაზრება, რომ საქართველოს ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, ხოლო რუსეთთან პარტნიორობის მხარდაჭერამ იკლო
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე სასურველი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორები ევროკავშირი, აშშ და თურქეთი არიან.
დოკუმენტის თანახმად, გამყარდა მოსაზრება, რომ საქართველოს ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, ხოლო რუსეთთან პარტნიორობის მხარდაჭერამ იკლო.
გამოკითხულთა 42% და 40%, შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორად ევროკავშირს მიიჩნევს. აშშ-ს პოლიტიკურ პარტნიორად გამოკითხულთა 35% ასახელებს, ხოლო ეკონომიკურ პარტნიორად 28%; თურქეთი 17%-ისა და 26%-ის აზრით, შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია. რაც შეეხება რუსეთს, გამოკითხულთა 13% მიიჩნევს მას პოლიტიკურ პარტნიორად, 16% კი ეკონომიკურ პარტნიორად.