ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში ჯეიმს აპატურაისთან, კიბერუსაფრთხოების თემაზე მომუშავე უწყებების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით, ჯეიმს აპატურაი ეწვია.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ცნობით, უცხოელ სტუმარს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, გივი თუმანიშვილმა უმასპინძლა.

მათივე განცხადებით, საბჭოს აპარატში ჯეიმს აპატურაისთან, კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის თემაზე მომუშავე უწყებების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

“შეხვედრაში კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მიმართულებით ჩართული უწყებების, კერძოდ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრ ვინიკოვი და ნატოს წარმომადგენელი კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მიმართულებით, სტაშა ნოვაკი.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილემ, გიორგი ღიბრაძემ ჯეიმს აპატურაის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, ასევე, მისი აპარატის მანდატი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმასა და მის ძირითად კომპონენტებზე. შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა  უკვე დამტკიცებული კონცეპტუალური დოკუმენტის – კიბერუსაფრთხოების  ეროვნული სტრატეგიის საკითხი. გიორგი ღიბრაძემ სტუმრებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე უწყებების საქმიანობა და განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.

მხარეები კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კიბერუსაფრთხოება საქართველოსთან არსებული თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ქვეყნის მედეგობის შემდგომ გაძლიერებას”, – ნათქვამია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები