პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ წარუდგინა, მოსამართლეთა შერჩევისა და შეფასების კრიტერიუმებს ადგენს.
კანონპროექტის მიზანია თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლეების საქმიანობის შეფასების გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კრიტერიუმების ჩამოყალიბება და შეფასების პროცესის სამართლიანი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი პროცედურის დადგენა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას, აგრეთვე, თანამდებობაზე უვადოდ გასამწესებლად ღირსეული, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევის გზით დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფას.
მოსამართლეთა შეფასება ეყრდნობა ორ ძირითად კრიტერიუმს − კეთილსინდისიერებას და კომპეტენტურობას, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ცალკეულ მახასიათებელს. შეფასება ხორციელდება 3 წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული 6 სხვადასხვა შემფასებლის მიერ. თითოეული შემფასებელი კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მიხედვით ადგენს, აკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. რაც შეეხება კომპეტენტურობის კრიტერიუმს, მისი შეფასება ხორციელდება ქულათა სისტემის გამოყენებით. საბოლოო სიტყვა ეკუთვნის საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც წევრთა 2/3-ის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების ან გამწესებაზე უარის თქმის შესახებ.
კანონპროექტის შემუშავების პროცესში შესწავლილ იქნა აშშ-ის, გერმანიის, ავსტრიის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის გამოცდილებაც. განხილული მასალების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ მოსამართლეთა შეფასება უნდა ეფუძნებოდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ, სამართლიან, ამომწურავ და მოსამართლისათვის წინასწარ ცნობილ კრიტერიუმებსა და პროცედურებს, ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოსამართლის მიერ შეფასების შედეგების თაობაზე საკუთარი მოსაზრების გამოხატვისა და თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა, რაც სათანადოდ აისახა უკვე მიღებულ კანონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები