სოსო ცისკარიშვილი: საზოგადოება დიდი ხანია გაეროს აზრზე დგას

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა გაეროს მიერ საქართველოს მიმართ გამოთქმული შენიშვნები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში 2008 წლის ომის და შემდგომ პერიოდში ჩადანელი დანაშაულების გამოძიება, დამნაშავეების დასჯა და დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემა. პოლიტოლოგის თქმით, გაეროს რეკომენდაციები გადაჭარბებული არ არის, თუმცა მოულოდნელია. ამასთან, მისივე თქმით, ქართული საზოგადოება დიდი ხანია იგივე აზრზეა.
როგორც პოლიტოლოგმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, ანგარიში არის საერთაშორისო ორგანიზაციის და ქართული საზოგადოების ხედვების თანხვედრა.
„უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ანგარიში არის იმ იშვიათ ანგარიშთაგანი, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციის და ქართული საზოგადოების ხედვების თანხვედრაა. ჩვენ უფრო ხშირად ვისმენთ, რომ საქართველოში არის პოლიტიკური დევნა, შერჩევითი სამართალი, ზეწოლა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. გაერო იქნება ეს თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია, ნებისმიერ შემთხვევაში, ქართული საზოგადოების წუხილის საფუძველზე, მართლაც, შესაძლებელია უფრო ჩქარა მოხდეს ე.წ. სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ ამ სამართლიანობის აღდგენით უნდა დავკავდეთ პროკურატურაში და სასამართლოში. ვიდრე ეს ორი სამართლიანობისთვის შექმნილი ორგანო სამართლიანობის მიმართ საკუთარი პატივისცემის კვალს არ ტოვებს, რასაკვირველია, ეჭვები დარჩება.
ვფიქრობ, პროკურატურაც და სასამართლოც თვითგაწმენდით უნდა დაკავდეს. გაეროს ანგარიშის შინაარსი გადაჭარბებული არ არის, მაგრამ მოულოდნელია. ამ აზრზე დიდი ხანია ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა დგას“, – აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, ყოფილი ხელისუფლების დროს ნამდვილად იყო დაფიქსირებული წამების ფაქტები, თუმცა ბოლო პერიოდში სისტემური დანაშაულის რღვევა დაიწყო. როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, დადგა დრო, გამოვამჟღავნოთ და საზოგადოების წინაშე ვამხილოთ ადამიანები, რომლებიც იყვნენ და არიან თანამდებობებზე და რომლებიც ყოფილი ხელისუფლების დანაშაულების თანამზრახველები არიან. ამასთან, პოლიტოლოგი დანაშაულებრივი საქმეების გამოძიების დასაჩქარებლად აუცილებელ პირობად მიიჩნევს პროკურატურაში დაკავებული თანმდებობიდან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების გათავისუფლებას.
„რასაკვირველია, წამების ფაქტები არსებობდა, და თუკი რაიმე მიღწევა გვაქვს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, ეს გახლავთ სისტემური ინსტიტუტის რღვევა, რომელიც ორიენტირებული იყო ადამიანთა წამებაზე. შესაბამისად, ბევრად უფრო მეტი სიმშვიდეა, როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ასევე ქუჩებშიც. რაც მთავარია, ქუჩაში გასულ ახალგაზრდებს უსაფუძვლო დაპატიმრების შიში არ აქვთ. როგორც ჩანს, დადგა ჟამი, რომ გამოვამჟღავნოთ და მივგვაროთ ჩვენს საზოგადოებას ადამიანები, რომლებიც იყვნენ და არიან თანამდებობებზე, მაგრამ რეალურად არიან თანამზრახველნი იმ ადამიანებისა, რომლებიც ქვეყანაში წლების განმავლობაში თესავდნენ უსამართლობას. დიახ, ადამიანები, რომლებიც დანიშნულნი იყვნენ ადეიშვილის მიერ, ყოფილი პრეზიდენტის ყველა ახირებას აფორმებდნენ, როგორც დანაშაულს და ისინი დღესაც ყელყელაობენ პროკურატურაში. ბატონი მიქაია იმის მაგივრად, რომ დამშვიდობებოდა პროკურატურას, კბილაშვილის პროკურორობის დროს დაწინაურდა. დღესაც ის და მისი თანამოაზრეები ცდილობენ, მაქსიმალურად გაამართლონ ის ავი ქმედებიები, რომლებიც მათ ჩაიდინეს ადეიშვილის და სააკაშვილის დავალებით. ვიდრე ასეთი ადამიანები იქნებიან, გაერომ კი არა, მთელმა პლანეტამ რომ გამოაქვეყნოს ერთდროულად ასეთი დოკუმენტები, შედეგი არ დადგება. სანამ არ მოხსნიან მიქაიას, რომელმაც სრულიად უდანაშაულო ადამიანების მიმართ განჩინება გამოაცხო, მანამდე, ალბათ ვერანაირი ტემპის ზრდა ვერ შეინიშნება სამართლიანობის აღდგენაში. ვიდრე არ გაჯანსაღდება პროკურატურა, არანაირი ჯანსაღი გარემო სამართლიანობისა ქვეყანაში არ დამკვიდრდება. ანალოგიურის თქმა შემიძლია იმ სასამართლოზე, რომელსაც ამბრაზურასავით გადაეფარა მთავარი უსამართლო პირი კონსტანტინე კუბლაშვილი“, – განაცხადა ცისაკარიშვილმა.
პოლიტოლოგი გაეროს იმ ნაწილსაც აფასებს, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი შეშფოთებულია იმ ნელი წინსვლით, რომელიც წარსულში ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების გამოძიების, დამნაშავეთა გამოვლენისა და მათი პასუხისგებაში მიცემის თვალსაზრისით მიმდინარეობს, რომლებიც უშუალოდ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ მოხდა, მათ შორის საქმეებისა, რომლებიც იძულებით გაუჩინარებას, სამოქალაქო და სხვა დაცული პირების მიმართ განურჩეველი და არაპროპორციული ძალის გამოყენებას, უკანონო დაკავებებს, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ქონების დაზიანებასა და ჩამორთმევას ეხება, რომლებიც შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც ომის დანაშაული და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.
აღნიშნულის შესახებ „კვირასთან“ საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ თუ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში იგულისხმება 2008 წლის აგვისტო, ვიდრე ასეთი საქმის აღსრულებას შევუდგებით, უნდა ვნახოთ, რა პასუხს აგებენ ამ მიმართულებით მედვედევი და პუტინი. რაც შეეხება გაეროს კომიტეტის შენიშვნას იმის შესახებ, რომ საქართველოში დისკრიმინაციის შესამცირებლად საკმარისი სანქციები არ არსებობს, პოლიტოლოგის თქმით, ორაგნიზაციის წევრები არიან ქვეყნები, რომლებიც ისტორიულად დაკავშირებულნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევის არაერთ მასშტაბურ ფაქტებთან.
„თავსმოხვეული კანონების გაჩენამდე საქართველოსთვის საუკუნეების მანძილზე არანაირი დისკრიმინაცია არ აღინიშნებოდა სხვადასხვა ტიპის უმცირესობის მიმართ. ახლა, როდესაც უკვე ჩვენი ხალხის შემწყნარებლობა უნდა მოექცეს კანონის ძალაში და ეს უნდა იყოს არა მისი კეთილი ნება, არამედ შედეგი იძულებისა, უკვე კულტუროლოგიური კონფლიქტის მოწმენი ვართ. არა მგონია, რომ რეცეპტი, რომელიც შეიძლება სხვა ქვეყნისთვის მისაღები იყოს, მარტივად იყოს მიღებული ჩვენი საზოგადოების მიერ. შემწყნარებლობის გაკვეთილები ჩვენთვის მიუღებელია ისეთი ორგანიზაციებისგან, რომელთა წევრების უმრავლესობა ისტორიულად იყო დაკავშირებული ქვეყნებთან, სადაც არაერთი მასშტაბური სიძულვილის აფეთქება იყო დაფიქსირებული“, – ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები